ნიურნბერგის პროცესის უკანასკნელი პროკურორი გარდაიცვალა

ამერიკელი იურისტი ბენჯამინ ფერენცი, რომელიც ნიურნბერგის პროცესში მონაწილეობდა, 103 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფერენცი ძილში გარდაიცვალა. ის პროცესის უკანასკნელი ცოცხალი პროკურორი იყო.

ფერენცი აშშ-ის არმიის პროკურორი იყო და ბრალდების მხარეს იმ პროცესზე წარმოადგენდა, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულ ნაცისტური გერმანიის სპეციალური ქვედანაყოფების 22 წარმომადგენელს ასამართლებდნენ. ამ დროს ის მხოლოდ 27 წლის იყო.

სასამართლომ ყველა ბრალდებული კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო. 14 მათგანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს (აქედან მხოლოდ 4 აღსრულდა), კიდევ ორს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ნიურნბერგის პროცესის შემდეგ ფერენცი დასავლეთ გერმანიაში დარჩა, სადაც ებრაელებს რეპარაციების შესახებ შეთანხმებების მომზადებაში ეხმარებოდა, შემდეგ კი აშშ-ში დაბრუნდა და კერძო პრაქტიკით დაკავდა.

ფერენცი 6 წიგნისა და მრავალი სტატიის ავტორია, ის რეგულარულად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში.