სადამდე უნდა იძახონ ზურაბიშვილმა, დეგნანმა, ბერბოკმა, სხვებმა ქართველი ხალხის დამოწმებით, რომ ნატოში ან ევროკავშირში გვინდა?!

ყოველწლიურ ანგარიშში ზურაბიშვილი იმ საკითხს შეეხო, რაც მას და მის დასავლელ მოკავშირეებს ტვინს უღრღნის — ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. ის არ შეხებია ქვეყნის მოსახლეობისთვის იმ უმნიშვნელოვანეს თემებს, როგორებიცაა ეკონომიკა, სოციალური ყოფა, ჯანდაცვა, ინფლაცია, მიგრაცია, დემოგრაფია, ფასების ზრდა, კრიმინალური ვითარება და სხვა უამრავი, რომელთა მოსმენას მოსახლეობა ითხოვს, მაგრამ ამაოდ.

პრეზიდენტი ამ თემებს ვერც შეეხებოდა, ვინაიდან შორს არის მათგან, როგორც თანამდებობრივად, ისე პროფესიული ცოდნის არქონის გამო. გარდა ამისა, აღნიშნული საკითხები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა პრეზიდენტის, რაც ზურაბიშვილს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. ზურაბიშვილმა თავი მოუყარა საკუთარი პრეს-კონფერენციების დროს ნათქვამ ანტისამთავრობო განცხადებებს და თქვა ის, რაც მას უნდოდა — განაწყენებული პოლიტიკოსის მხრიდან.

პრეზიდენტმა თავისი მოხსენება 2 ნაწილად გაჰყო. პირველი ნაწილი ქებას დაუთმო, მეორე ნაწილი გინებას. ორივე მთავრობას ეხებოდა. არა ქვეყანას, არა ხალხს და მის აწმყოსა და მომავალს, არამედ მთავრობას. მან გაიხსენა 2012 წელს „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა, მის მიერ არჩეული ევროატლანტიკური კურსი, კონსტიტუციაში ცვლილება — ევროკავშირ-ნატოში შესვლის მინიშნებით, დასავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებით და ა.შ.

მზის სხივებით განათებულ მოხსენების პირველ ნაწილს, ქარიშხლის მომასწავებელი მეორე ნაწილი მოაყოლა და თავისი დამტვრეული ქართულით იკითხა — სად გაქრა ყოველივე? მან თქვა, რომ მთავრობამ შეიცვალა კურსი, დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ, რაც მისთვის და მისი უცხოელი კოლეგებისთვის დაუშვებელია.

მან თქვა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი დავალება, რათა ევროკავშირმა მოგვცეს ამ კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მან სხვაც თქვა — ხელისუფლების გასაშავებლად.

ზურაბიშვილის მოხსენების დეტალების განხილვა არ არის ჩემი მიზანი, ვინაიდან ბევრმა თქვენგანმა მოუსმინა მას. მთავარი მისი გამოსვლიდან გითხარით. აქვე დავუმატებ, რომ მასში ახალი არაფერია, გარდა „სახლში“ განსახილველი საკითხების გარეთ გამოტანისა.

ის, რაც პრეზიდენტმა თქვა მმართველ პარტიასა და ხელისუფლებასთან ერთად უნდა ეთქვა — დახურულ რეჟიმში და არა საქვეყნოდ, მისი გაგებით სენსაციურად. მან თავისი გამოსვლით დაამტკიცა, რომ მისი და „ოცნების“ პოლიტიკური კურსი კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის არა პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს, არამედ ხალხს, რომლის შესახებ პრეზიდენტს არაფერი უთქვამს.

არც ერთ მათგანს ხალხი არ აინტერესებს. არ აინტერესებს მისი პრობლემები, სოციალური მდგომარეობა, დასაქმება, საყოფაცხოვრებო საკითხები — ერთობ გართულებული საერთაშორისო ვითარების შედეგად.

პრეზიდენტს არ უთქვამს ლარის გაუფასურებაზე – კატასტროფულად გაზრდილ ფასებზე და ამ ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზღვარგარეთ უაზრო მივლინებებში დახარჯულ დიდძალ თანხებზე; არ უთქვამს ხელმრუდე თბილისის მერიის ამოჩემებულ პროექტებზე, რომელიც ავიწროებს  ავტომანქანების სავალ ნაწილს და გზის შუაში ყვავილნარს აშენებს — იმპორტული, ძვირადღირებული, ხელოვნური ბუჩქებით და ჯუჯა, დეკორატიული ხეებით.

არ უთქვამს, გზის დავიწროებით გამოწვეულ სისტემატურ საცობებზე, დაბინძურებულ ჰაერზე — დაბალი სიჩქარით მავალი ავტომობილების გამონაბოლქვით.

არ უთქვამს, მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების სისტემატურ შეფერხებაზე, ლიფტების გაუმართაობაზე. არ უთქვამს, ფუნდამენტური შენობების უმოწყალო ნგრევაზე, მათ ნაცვლად სასტუმროების მშენებლობაზე, რომელთა დამთავრებას ბოლო არ უჩანს.

არ უთქვამს, რაში სჭირდება დედაქალაქს ამდენი სასტუმრო. არ უთქვამს, საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული საცხოვრებელი სახლების, ჯერაც დაუმთავრებლის ბედზე. არ უთქვამს, თბილისის ძველი უბნების სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე, რაც სიცოცხლეს უმოკლებს საუკუნის წინ აშენებულ, უნიკალური ექსტერიერის მქონე შენობებს.

არ უთქვამს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას გარემონტება სჭირდება და არა დანგრევა, მის ნაცვლად ახლის აშენება. არ უთქვამს, რომ საქმისადმი ასეთი თავქარიანი მიდგომა დიდი ფულის ფანტვის წყაროა და არა ნამდვილი საქმის.

არ უთქვამს, რომ ასეთი პროექტი ხალხს კორუფციაზე აფიქრებინებს. არ უთქვამს, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში კვირაში ერთი დღე მოსახლეობის მიღებას უნდა დაეთმოს. არ უთქვამს ყოველივე ის, რაც ხალხს აინტერესებს და რატომ? იმიტომ, რომ მისთვის უცხოა ხალხის ცნება, მითუმეტეს ქართველი ხალხის.

მკითხველო, თვითონ განსაზღვრეთ, საფრანგეთში დაბადებული, გაზრდილი, განათლებამიღებული ადამიანისთვის ახლოა იმ ხალხის აწმყოთა და მომავლით დაინტერესება, რომელთანაც მას გვარის გარდა არაფერი აკავშირებს?

ის გრძნობა, რომლითაც ჩვენ მას და მის პიროვნებას ვიხილავთ, პროვინციულია, სინამდვილისგან დაშორებული, ცრუპატრიოტული. ქალბატონი ზურაბიშვილი ისე შორს არის ქართული სინამდვილისგან, როგორც ჩვენ ფრანგულისგან. ზურაბიშვილი თოჯინაა იმათ ხელში, ვინც ის საქართველოში მოავლინა. ზურაბიშვილის პოლიტიკას ისინი განსაზღვრავენ და არა ზურაბიშვილი. თვით ზურაბიშვილი იგივე აზროვნებისაა, როგორც ისინი. ის ქართულად ვერ იაზროვნებს. მას საქართველოზე გული არ სტკივა, რაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რამეთუ ის მშობლიურ ენაზე ცუდად მოლაპარაკე უცხოელია.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, ჩემი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, სისტემატური შეხვედრები მქონდა უცხოელ ქართველოლოგებთან, რომლებიც გაცილებით უკეთ ლაპარაკობდნენ ქართულად, ვიდრე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის ანგარიშში მთავარი აქცენტი გააკეთა საქართველოს ევროკავშირთან, საერთოდ ევროპასთან ინტეგრაციაზე, რუსეთის აუგად ხსენებაზე, უკრაინის ხელისუფლების და ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაზე და ა.შ.

მან ილაპარაკა ის, რაც არაერთხელ გვსმენია ნებისმიერი რანგის უცხოელის საქართველოში ვიზიტის დროს. მან ილაპარაკა ის, რასაც წამდაუწუმ ლაპარაკობს საქართველოში აშშ-ს ელჩი დეგნანი, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მყარი არჩევანია ევროკავშირსა და ნატოში ყოფნა, რაც ქვეყნის ხელისუფლებას ავალდებულებს უფრო აქტიურად იღვაწოს ხალხის სურვილების დასაკმაყოფილებლად.

2008 წლის იანვრის პრეზიდენტის არჩევნების დროს ბიულეტენში შეტანილი საკითხი — ნატოში შესვლის თაობაზე, დღესაც აქტუალურია, ვინაიდან მედასავლეთეებისთვის და მათი წამქეზებელი დასავლეთელებისთვის ამომრჩევლის მიერ ნატოში შესვლის სურვილის გამოხატვა ის არგუმენტია, რომელსაც წამდაუწუმ ცხვირწინ გვიტრიალებენ — ხალხის სურვილიაო.

მას შემდეგ 15 წელი გავიდა. შეიცვალა ვითარება, ქვეყანაში ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც არ იცის რას დაუჭირეს მხარი მათმა დედებმა და მამებმა, და დაუჭირეს თუ არა უმრავლესობით, ესეც ძნელი დასაჯერებელია, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის — ძველგაზრდელებისთვის. მოარული ხმების მიხედვით, გაყალბებას ჰქონდა ადგილიო.

სადამდე უნდა იძახონ ზურაბიშვილმა, დეგნანმა, ბერბოკმა, სხვებმა ქართველი ხალხის დამოწმებით, რომ ნატოში ან ევროკავშირში გვინდა?! უმჯობესი იქნებოდა ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვა, რათა საბოლოოდ გამოგვევლინა — უნდა თუ არა ქართველს ევროპა?!

სიახლე არაფერია იმაში, როდესაც ამბობენ, რომ ხალხი აზრს იცვლის. თანამედროვე ცხოვრების პირობები აიძულებს ხალხს მოიქცეს ასე. 15 წლის განმავლობაში უამრავ საჭირბოროტო მოვლენას ჰქონდა ადგილი შინ და გარეთ, რამაც ნებისმიერ ჩვენგანზე იქონია გავლენა. უწინდელი ჩვენი დამოკიდებულება ევროპის ქვეყნების მიმართ მეტწილად იქაური მხატვრული ლიტერატურის, მუსიკის, ხელოვნების, კულტურის გათვალისწინებით იყო გამოწვეული და არა ტრანსვესტიტობით, ლგბტ-ით, ერთნაირსქესიანთა ქორწინებით, ყოველგვარი უკუღმართობით, რითიც დღევანდელი ევროპა-ამერიკა არის ცნობილი.

ვეჭვობ, რომ ასეთ ევროპაში სურდეს საქართველოს შესვლა. ვეჭვობ, რომ ქართულ ოჯახს სურდეს რძლად ვაჟის მოყვანა ან ქალიშვილის, ქალზე გათხოვება. ვეჭვობ, რომ ქართულ ოჯახს სურდეს გოგონას ბიჭად გადაკეთება — შესაბამისი ქირურგიული ოპერაციით. და რახან ვეჭვობ, ისე, როგორც დანარჩენები, კოლექტიურად ვეჭვობთ, რომ საქართველოს ასეთ ევროპაში ყოფნა წაადგება.

ისე ვლაპარაკობ, თითქოს ევროპა მზადაა ჩვენი მიღებისთვის. არც 12-პუნქტიანი დავალების შესრულება გვიშველის და არც 24-პუნქტიანის. ამ პუნქტებში ლგბტ-ს აღიარება არსადაა, არადა თუ არ ვაღიარებთ, ევროკავშირს ვერ ვეღირსებით. 12 პუნქტი სიტყვის მასალაა. მთავარი ლგბტ-ა.

უკრაინას რატომ მისცეს კანდიდატობის სტატუსი? — იმიტომ, რომ ფიცი დადო ლგბტ-ობაზე და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე — კანონპროექტი განსახილველად რადაშია. არის უკრაინის გზა ჩვენთვის მისაღები?

აი, ამ გზით სიარულისკენ მოგვიწოდებს სალომე ზურაბიშვილი — წარმოშობით ქართველი, თუმცა სულით-ხორცამდე ფრანგი, რომლის დავალება მარტივია — საქართველოს მჭიდრო დაახლოება ევროპასთან და დაშორება რუსეთისგან.

არადა რუსეთთან სიახლოვე ნიშნავს მთელი რიგი საკითხების მოგვარებას: სავაჭრო-ეკონომიკურის, სოციალურის, კულტურულის, მეცნიერულის, …

იმდენად ძლიერია რიგითი ქართველის რუსეთისკენ ლტოლვა, რომ მიუხედავად გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობებისა, მაინც ახერხებს სავაჭრო კავშირების ქონას. მაინც ახერხებს ხორბლის შესყიდვას, მარცვლეულის, ენერგომატარებლების, მის ბაზარზე ღვინისა და სხვა ალკიჰოლური ნაწარმის შეტანას, სხვა პროდუქტის, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას შეავსოს საკუთარი ბიუჯეტი, ბოლო დროს გასუქებული რუსი ტურისტების ხარჯზე.

საქართველოს პრეზიდენტი რომ პრაგმატულად აზროვნებდეს, საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის წინააღმდეგ კი არ უნდა გამოდიოდეს, არამედ პირიქით, ის უნდა იყოს ინიციატორი ამ საკითხის მოგვარებისა. მან უნდა წამოიწყოს აქტიური პროპაგანდა აფხაზეთის რკინიგზის აღსადგენად, ვინაიდან რკინიგზის აღდგენა ხელს შეუწყობს ქართველი და აფხაზი ხალხების დაახლოებას, მათ შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას. როგორც ჩანს მას პრაგმატული აზროვნების უნარი არ აქვს.

ზემომოყვანილი საკითხები, რაც, ჩემის აზრით, პრეზიდენტს უნდა გაეჟღერებინა თავის მოხსენებაში, ზოგს შეიძლება წვრილმანად მოეჩვენოს. მათ დასამშვიდებლად ვიტყვი — წვრილმანებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება. წვრილმანების მოუგვარებლობა გვიმწარებს სიცოცხლეს. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ხელისუფლება-ოპოზიცია და მათი დავალებით მედია 24-საათიან რეჟიმში გვტენიან ტრამპ-ბაიდენის, ბაიდენ-ტრამპის, ურსულასა და ვიღაც „სამსულას“ ამბვებს, რათა მთავარზე არ ვიფიქროთ.

მთავარი კი ის წვრილმანია, რაზეც პრეზიდენტს უნდა გაემახვილებინა ყურადღება თავის გამოსვლაში. აი, მაშინ იქნებოდა ის ხალხის პრეზიდენტი და არა ოპოზიციის, რომლის გულიც მან მოიგო. ხალხის გულს პრეზიდენტი უდავოდ მოიგებდა, „ოცნების“ დაპირებები რომ შეეფასებინა, განსაკუთრებით იმ საკითხში, რასაც ხალხის დასაქმება ჰქვია. რომ ეთქვა დაპირებული ქარხნების, საწარმოების არ არსებობაზე, სამეცნიერო-კვლევით ცენტრების არ არსებობაზე, ლიტერატურის, ხელოვნების, კულტურის დეგრადაციაზე, ხელნაწერთა ინსტიტუტისთვის შესაბამისი შენობის არ გამოყოფაზე, ხელოვნების მუზეუმის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოების დროულ წარმოებაზე, სხვა მრავალზე, რომელიც ერის კულტურას, ისტორიას ასახავს, მისი სული და გულია.

მას უნდა ესაუბრა ქართული ჩაის აღორძინებაზე, ხაჭაპურის გამოცხობაზე. ხაჭაპური, ისეთივე ბრენდია, როგორც „ქინძმარაული“, „ჩხავერი“, „წინანდალი“, „გურჯაანი“, … ხაჭაპურს იცნობენ, მაგრამ არა ასეთს, აქ რომ ცხვება — უყველო პურს. ანდა რატომ უნდა ღირდეს ხაჭაპური 20 ლარი და მეტი? რატომ? — რძე აღარ აქვს საქართველოს. და რატომ არ აქვს?  — მსხვილფეხა საქონელი არ ჰყავს! არც წვრილფეხა. რომ ჰყავდეს, ცხვრის ხორცი ასტრონომიულ თანხას არ უნდა ეთამაშებოდეს!

პრეზიდენტს ჩავარდნილ სოფლის მეურნეობაზე უნდა ელაპარაკა და მის ჩავარდნილ დარგებზე — მეცხოველეობაზე, მეაბრეშუმეობაზე, მეთამბაქოეობაზე, მეხილეობაზე, კვების მრეწველობაზე, სამაცივრე მეურნეობაზე, მებოსტნეობაზე. მას უნდა ეთქვა, რომ მწვანილის მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტი, ისე, როგორც ნივრის, ხახვის, კარტოფილის, კომბოსტოს, წიწაკის, სტაფილოს, …  სირცხვილია!

მას უნდა ეთქვა, რომ სუპერმარკეტ „გუდვილში“ მყიდველისთვის 50-ლარიანი და მეტი ფასის ყველის შეთავაზება, ცხადია კილოგრამის, დანაშაულია, ისე, როგორც 30-ლარიანი გოზინაყის.

მას უნდა ეთქვა, რომ საბაზრო ეკონომიკა აღვირახსნილობას არ ნიშნავს, არც მომხმარებლის ჯიბეში ხელის ჩაყოფას. და დაევალებინა მთავრობისთვის მონოპოლიური სამსახურის ჯეროვან დონეზე დაყენება. აი, მაშინ იქნებოდა ის ჩემი პრეზიდენტი!

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი