ლევან ბეჟაშვილი – რიგგარეშე სხდომის დაანონსება არასწორად მოხდა – კუდების ძიება და ვინმეს დადანაშაულება მიუღებელია

ადგილი ჰქონდა მისკომუნიკაციას, არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ კუდების ძიება და ვინმეს დადანაშაულება მიუღებელია – უახლოესი სხდომების განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია მხარი დაუჭერს საგამოძიებო კომისიას,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციური ჯგუფები მართავენ კონსულტაციას, თუ რომელ დღეს შეძლებს მომავალ კვირის განმავლობაში ყველა დეპუტატი დასწრებას, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს.

„მათ ჰქონდათ ოფიციალური ვიზიტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით პოლონეთში, ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყვნენ წარდგენილები, რომელიც დაგეგმილი იყო ბევრად ადრე ვიდრე რიგგარეშე სხდომის საკითხი დადგებოდა, მოხდა მისკომუნიკაცია პარლამენტის წევრებს შორის, მათ შორის, ჩემთანაც, შესაბამისად, არასწორად მოხდა დაანონსება რიგგარეშე სხდომის, ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ მოცემულობაა. კუდების ძიება და ვინმეს დადანაშაულება მიუღებელია. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უახლოესი სხდომების განმავლობაში ერთიანი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მთლიანმა ფრაქციამ მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია სწორი რეაგირება მოახდინოს პარლამენტმა და მოსამართლეების საერთაშორისო სანქცირებასთან მიმართებაში, ამ თემის გაგრძელებად შევისწავლოთ საპარლამენტო ფორმატში სასამართლოში არსებული სხვა ფაქტები და კლანური სისტემა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს. მოგვიანებით, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის პოლონეთში გამგზავრების გამო, მათ განმეორებით მიმართეს პრეზიდენტს, რომ რომ მათივე მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ ჩანიშნოს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის“ მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება უნდა ყოფილიყო, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიის შექმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.