გია ცაგარეიშვილი – ჯიბგირობის ფორმები დაიხვეწა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და აქტივისტებმა მორალურ ზღვარს მაშინ გადააბიჯეს, როცა ქართველი ჯარისკაცების ჯიბიდან ამოღებული ფულით დაიხელფასეს თავი. უდიდესი ცინიზმია, როცა ეს საზოგადოება ერთი ხელით ევროკავშირის დროშას აფრიალებს, ხოლო მეორე ხელით ევროპელ პენსიონერთა ჯიბეში ღრმად ჰყოფს ხელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, დარწმუნებულია, „ბიბისის“ გამოძიებასთან დაკავშირებით მოვლენები საინტერესოდ განვითარდება.

„ბიბისის“ გამოძიებაზე დავით კეზერაშვილის და თავისი ადვოკატების პასუხი სასოწარკვეთილი ადამიანის პასუხი იყო. როგორც შევიტყვეთ, ის „ბიბისის“ წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას აპირებს. დარწმუნებული ვარ, მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გამომძიებელ ჟურნალისტებს ამ საშინელ მოვლენაზე, რომლის სათავეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი იდგა, სხვა მასალებიც ექნებათ. მოვლენების განვითარებას კიდევ ვიხილავთ. კეზერაშვილის გარემოცვის ე.წ. ჟურნალისტებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და აქტივისტებმა მორალურ ზღვარს მაშინ გადააბიჯეს, როცა ქართველი ჯარისკაცების ჯიბიდან ამოღებული ფულით დაიხელფასეს თავი. ახლა ეტყობა მათთვის ევროპელი პენსიონრების ჯიბეში ხელის ფათური მორალურად გადაულახავი ზღურბლი აღმოჩნდა. უდიდესი ცინიზმია, როცა ეს საზოგადოება ერთი ხელით ევროკავშირის დროშას აფრიალებს, ხოლო მეორე ხელით ევროპელ პენსიონერთა ჯიბეში ღრმად ჰყოფს ხელს. ეს ის კასტაა, ვისაც მაკიაველიზმი სულსა და გულში აქვს გამჯდარი და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საშუალება ამართლებს საბოლოო მიზანს. მათი ნამდვილი მიზანი კი არის ხელისუფლების დამხობა, თუნდაც „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებითა და პარლამენტზე შტურმის განხორციელებით. ჯიბგირობის ფორმები დაიხვეწა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სინდიკატის შემქმნელი იქნებოდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურმე დევნილი და საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩაგრული პირია“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

„ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.