პოლონეთის მთავრობა ოპოზიციას კრემლის დახმარებაში სდებს ბრალს. როგორ „ევროაქტივი“ იუწყება, საქმე ეხება პოლონეთში უკრაინული მარცვლეულის იმპორტის საკითხს. როგორც ცნობილია, უყრაინიდან მარცვლეულის ტრანზიტის დროს პროდუქციის ნაწილი პოლონეთში რჩებოდა, რამაც ქვეყანაში მარცვლეულის გაიაფება გამოიწვია და ადგილობრივი ფერმერები დააზარალა.
პოლონეთის მედია ამტკიცებს, რომ უყრაინული მარცვლეულის ექსპორტიორი კომპანიების ნაწილი პოლონეთის მმართველი პარტიის წევრებთანაა დაკავშირებული.
აღნიშნულის გამო ოპოზიციამ პოლონეთის ხელისუფლება პოლონელი ფერმერებისთვის ზიანის მიყენებასა და საზღვრებზე არასათანადო კონტროლის უზრუნველყოფაში დასდო ბრალი.
საპასუხოდ, პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ ოპონენტების ეს ბრალდებები „პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს“.
„ჩვენ გვსურს პოლონელი ფერმერების დახმარება, რადგან ეს სიტუაცია გამოწვეულია ომით. ეს სიტუაცია გამოიწვია აგრესორმა პუტინმა და ამ ხმაურის ატეხვით ოპოზიცია ეხმარება პუტინს“, – განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა.
მისივე თქმით, ის აპირებს გაასაჯაროოს იმ კომპანიების სახელები, რომლებიც უყრაინიდან იაფი მარცვლეულის იმპორტში იყვნენ ჩართული და არ არის გამორიცხული, რომ ამ კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უყრაინისა და პოლონეთის მთავრობა შეთანხმდა, რომ უყრაინიდან პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტი დროებით შეჩერდება, თუმცა არა ტრანზიტი.