უნგრეთში აშშ-ის ელჩი – აშშ შეშფოთებულია უნგრეთის ლიდერების მოსკოვთან დაახლოებით

აშშ შეშფოთებულია უნგრეთის ლიდერების მოსკოვთან დაახლოებით, – ამის შესახებ განცხადება უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმენმა ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, „რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა კვებას რუსეთის ომის მანქანას და ტრანსატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებას ემუქრება“.

ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ევროპაში „კრემლის ხელმძღვანელობით მოქმედი ნებისმიერ პლატფორმის არსებობა არის პოტენციური საფრთხისშემცველი ევროკავშირისა და მისი დასავლელი მოკავშირეებისადმი“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა უნგრეთში მოქმედ „საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს“, რომელსაც რუსეთთან აქვს კავშირები. როგორც „პოლიტიკო“ წერს, დასავლეთში შიშობენ, რომ აღნიშნული ბანკი შესაძლოა რუსეთის დაზვერვამ ევროპაში ოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენოს.

როგორც აშშ-ის ელჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაშინგტონმა არაერთხელ გაუზიარა ინფორმაცია უნგრელ კოლეგებს, იმის შესახებ თუ როგორ შეუძლია რუსეთს აღნიშნული ბანკის გამოყენება ზეგავლენის გასაფართოვებლად და საფრთხე შეუქმნას ნატო-ს.

„უნგრეთმა უარყო აშშ-ის მთავრობის შეშფოთება იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ბანკის უნგრეთში მუშაობა უქმნის ალიანსს“, – განაცხადა დევიდ პრესმენმა.

ამასთან, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს უნგრეთთან ურთიერთობების გაუარესება „საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი“ 1970 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად მისი მიზანი იყო საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში ვაჭრობის ხელშეწყობა იყო. ბანკის სათაო ოფისში 2019 წელს გადაიტანეს.

როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სლოვაკეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და ჩეხეთმა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობა 2022 წელს თებერვალში შეწყვიტეს, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო.

აშშ-ის მიერ აღნიშნული ბანკის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში შეზღუდვები დაუწესდება ამ ფინანსური ინსტიტუტის სამ ხელმძღვანელ პირს, მათ შორის ერთ-ერთი უნგრეთის მოქალაქეა.