საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ იყო ის მეთოდები, რითიც დავით კეზერაშვილი გამორჩეული იყო, უცხო არ იყო ის მეთოდები, რითიც ის ქონებას აგროვებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, კეზერაშვილის მეთოდები იმას გულისხმობს, რომ სხვა ადამიანებს ყოველთვის ზიანს აყენებდა.
„სამწუხაროდ, ქართული მხარის მიმართვის მიუხედავად, ბრიტანეთმა არ გადმოგვცა, რომ ის განსასჯელის სკამზე დამჯდარიყო. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება გახდა საფუძველი, რომ მან ისევ გააგრძელა საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულის ჩადენა. ამის დასტურია „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება, რაც სამწუხარო და სამარცხვინოა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს დანაშაულს ჩადიოდა, ახლა ისევ აგრძელებს საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალურ საქმიანობას. ვინც აქამდე სარგებლობდა იმ ფინანსებით, რომელიც სხვების სისხლსა და უბედურებაზეა ნაშოვნი, ახლა ეს გრძელდება პენსიონერებისთვის ფულის მოპარვით და სიცოცხლის გამწარებით. ასეთი ფულით დაფინანსებული ნებისნიერი პლატფორმა არის პასუხისმგებლობის გაზიარება. ვწუხვარ, რომ საქართველოს მოქალაქე და ყოფილი თანამდებობის პირი გარეულია ასეთ საერთაშორისო ძალიან სამარცხვინო ამბავში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გუშინ გამოაქვეყნა. თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.
მანამდე „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატია სათაურით „ბიზნესმენების ძებნაში, რომლებიც მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან დგანან“ გუშინ გამოქვეყნდა.
„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. „ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც „ბიბისი“ წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.