გერმანიაში სატვირთო მანქანების ათობით მძღოლი, რომელთა ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, თითქმის ერთი თვეა, გაფიცვას განაგრძობს. როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ZDF-ი იტყობინება, პოლონური სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი 63 სატვირთო მანქანა ჰესენში, ერთ-ერთი ავტომაგისტრალის სადგომზეა გაჩერებული.
მძღოლები, რომელთა უმრავლესობა საქართველოდან და უზბეკეთიდან არიან, ხელფასების მიღებამდე მარშრუტის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, კომპანიას მათთვის ორ თვეზე მეტი ხნის სახელფასო ანაზღაურება აქვს გადასახდელი.
ZDF-ის ცნობით, დღეს ადგილზე ვითარება დაიძაბა, როდესაც მძღოლებთან მივიდა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი თანმხლებ პირებთან ერთად. პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ გაფიცული მძღოლებისთვის სატვირთო მანქანების ძალის გამოყენებით წართმევა სცადეს. დაპირისპირება სამართალდამცველებმა აღკვეთეს და დროებით დაკავებულია 20 ადამიანი, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი. მათ ბრალი წაუყენეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, იძულებისა და სხვა დანაშაულების მუხლით.
გაფიცულ მძღოლებს გერმანული პროფკავშირები უჭერენ მხარს. ZDF-ის ცნობით, მათთან სოლიდარობის გამოსახატად სხვა მძღოლები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ და საკვები მიუტანეს. ამასთან, სატვირთო მანქანების მძღოლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლითაც გერმანიისა და პოლონეთის მთავრობებს მიმართავენ, ყურადღება მიაქციონ მათ სამუშაო პირობებს.