მეუბნებოდნენ, ისე მოგივლით, როგორც საკუთარ დედასო. ერთ კვირაში 340 ათასი გირვანქა სტერლინგი დავკარგეთ – რას უყვება BBC-ის „მისტერ ოფშორად“ მოხსენიებული კეზერაშვილის თაღლითობის სქემაზე დაზარალებული პენსიონერი

ჩვენ 340 ათასი გირვანქა სტერლინგი დავკარგეთ ზუსტად ერთ კვირაში, – ამის შესახებ BBC-ის საგამოძიებო ფილმში დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემით დაზარალებული პენსიონერი წყვილი საუბრობს.

„მეუბნებოდნენ, ისე მოგივლით, როგორც საკუთარ დედასო. ერთ-ერთი მამაკაცი გვეუბნებოდა, ფილ, იაზრებთ, რომ მალე მილიონერი გახდებითო? ჩვენ 340 ათასი გირვანქა სტერლინგი დავკარგეთ ზუსტად ერთ კვირაში. ის იყო დამცირებული, შერცხვენილი. მოვიდა ჩემთან და ბოდიშები მომიხადა“, – აცხადებს დაზარალებული პენსიონერი ქალი.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.