ლევან ბეჟაშვილი- თითქოს ინგლისურის არცოდნის გამო პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიაში არანაირი გახლეჩვის პროცესი არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც თანაგუნდელებთან შეხვედრებს მართავს.

„აზრთა სხვადასხვაობა ამ პარტიისთვის დამახასიათებელია მთელ რიგ საკითხებზე. რაც შეეხება ცალკე ოფისის გახსნას, ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს ცენტრალური ოფისიც ჰქონდათ, რეგიონულიც და თანამდებობებიც, მაშინაც ჰქონდათ საქმის გაკეთების საშუალება. ახლაც, როგორც რიგით წევრებს, ასევე აქვთ საქმეში მონაწილეობის, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის საშუალება, ამისთვის სურვილია საჭირო. ამ პრობლემას კი ოფისები ნამდვილად ვერ გადაჭრის. მნიშვნელოვანია, გამოვიდეთ წინასაარჩევნო ინერციიდან და პარტიის ერთიანობისკენ გადავდგათ ნაბიჯები, ამისათვის მნიშვნელოვანია და აუცილებელია პოლიტიკური ნების არსებობა და საერთო ომში ერთობლივი ბრძოლა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილმა უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ინგლისურის არცოდნის გამო პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება.

„ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ, აბსოლუტურად შეუსაბამოა არსებულ რეალობებთან. არ ვიცი, რას ემსახურება ამ საკითხის ახლა წამოწევა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.