უკრაინამ კონსულტაციებისთვის ბელარუსიდან ელჩი გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსში უკრაინის ელჩი იგორ კიზიმა კონსულტაციებისთვის გაიწვია.

ამის მიზეზი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე – ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან შეხვედრა გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

„რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელიც უკრაინის მართლმსაჯულებას ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო ემალება და არის უკრაინისა და საერთაშორისო სანქციების ქვეშ, ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან განვიხილავთ მორიგ არამეგობრულ აქტად, რომელიც მიმართულია აგრესორი სახელმწიფოს მხარდაჭერისკენ.

ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში კონსულტაციებისთვის გამოიწვიოს“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ოფიციალურ მინსკს თავი შეიკავოს მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯებისგან და შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა.

ცნობისთვის, ლუკაშენკო პუშილინს 18 აპრილს შეხვდა.