ამერიკა-“კოლექტიური დასავლეთის” მიერ რუსეთისთვის გამოწერილი რეცეპტი, ანუ განადგურება, დასავლეთის განადგურებით შეიცვალა

რუსეთი  ევროპა არ არის. რუსეთი, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებთან შედარებით, თავმოყვარე სახელმწიფოა. ის ვერ აიტანს ევროპის მსგავსად ამერიკის ვასალად გადაქცევას. და რომ ვერ აიტანს, დაგვანახა კიდეც გასული წლის 24 თებერვალს — მსოფლიოს გადაკეთების დაწყების დღეს. უკრაინის ომით იწყება მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბება, რომელშიც აშშ-ს აღარ ექნება ჰეგემონის სტატუსი. ის ისეთი ქვეყანა იქნება, როგორებიც მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები არიან.

შეეგუება აშშ-ი რუსეთის მიერ ჩაფიქრებული გეგმის განხორცილებას? რომ არა, უკრაინამაც დაგვანახა, ანუ ამერიკელთა მიერ რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა, ცხადია უკრაინელის ხელით და “პარტნიორი-ქვეყნების”, უპირველესად – ევროპის დახმარებით.

30 წელი ამზადებდა ამ ომს ამერიკა, განსაკუთრებით 2014 წლის მაიდნის რევოლუციის შემდეგ. მიზანი? რუსეთის სრული განადგურება! შედეგი? კატასტროფული მისთვის და მისი თანამგზავრებისთვის.

ომი გრძელდება, მაგრამ შედეგი ყველასთვის ნათელია. დღეს, ომი რომ დამთავრდეს, რუსეთი გამარჯვებულად ჩაითვლება, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე მეტი უკრაინული ტერიტორია აქვს დაპყრობილი — ისტორიული რუსული ტერიტორიები.

სიტყვა „დაპყრობა“, რომელსაც ე.წ. ცივილიზებული სამყარო იყენებს, მათ შორის ჩვენც, თავი რომ დასავლეთივით ცივილიზებულად მიგვაჩნია, შეუფერებელია. ისტორიული ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა სიტყვა „დაბრუნების“ გამოყენება. მაგრამ ტერიტორიების დაბრუნება ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია და იმ რეალობას ვერ ასახავს, რაც 2022 წლის 24 თებერვალმა მოიტანა.

მაინც რა მოიტანა 24 თებერვალმა? — იკითხავთ.

24 თებერვალმა შეცვალა მსოფლიო, რომელიც ისეთი აღარ იქნება, როგორიც თუნდაც 23 თებერვალს იყო. 24 თებერვალი მსოფლიო რევოლუციის დასაწყისია, უფრო სწორად მსოფლიოს ახალი სისტემის ჩამოყალიბების დასაწყისში.

ერთმა წელმა გამოააშკარავა ჰეგემონისა და მისი თანამგზავრი ქვეყნების უსუსურობა — პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო თვალსაზრისით.

2022 წლის 23 თებერვალს ვერვინ იფიქრებდა კოლექტიური დასავლეთის იმ სისუსტეზე, დღეს რომ ვხედავთ. ვერვინ იფიქრებდა, რომ დაპურებული დასავლეთი უპუროდ დარჩებოდა; რომ ენერგომატარებლები, იაფად მიწოდებული რუსეთიდან, ამერიკული ძვირადღირებულით ჩანაცვლებოდა, რაც ევროპელთა სოციალურ ყოფას ძირს დასცემდა, სუპერმარკეტების დახლებს დააცალიერებდა, სააღდგომოდ შეღებილი კვერცხების ნაცვლად, შეღებილ კარტოფილს დასჯერდებოდა. კვერცხზე გაზრდილმა ფასმა ამერიკელებს, ალაგ-ალაგ, კარტოფილის შეღებვისკენ უბიძგა.

ამერიკა-“კოლექტიური დასავლეთის” მიერ რუსეთისთვის გამოწერილი რეცეპტი, ანუ განადგურება, დასავლეთის განადგურებით შეიცვალა.

გაჭენებული ინფლაცია, კვების პროდუქტებზე მომატებული ფასები, უმუშევრობა, ფაბრიკა-ქარხნების, საწარმოების დახურვა — იაფი რუსული გაზის არ არსებობის გამო. აშშ-ს ეგოისტური დამოკიდებულება ე.წ. პარტნიორების მიმართ, რომელიც ევროპული ბიზნესისთვის აშშ-ს კარს ფართოდ ხსნის და იქ გადაქაჩვას ლამობს, მოკავშირე გერმანიისთვის რუსული გაზსადენის აფეთქება და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლაც შორს  წაგვიყვანს, აშკარად მეტყველებს იმ ნეგატიურ მდგომარეობაზე, რაც რუსეთმა გამოიწვია ე.წ. კოლექტიურ დასავლეთში.

აქვე ერთ შესწორებას შევიტან ჩვენთვის ნაცნობ ტერმინში — „კოლექტიური დასავლეთი“. კოლექტიური მაშინ შეიძლება ვუწოდოთ დასავლეთს, როდესაც ამერიკა-ევროპას შორის საკითხები კოლექტიურად გადაწყდება. აქვს თუ არა ადგილი ასეთს?

უყოყმანოდ შეიძლება ითქვას — არა! მე-2 მსოფლიო ომის დამთავრებიდან მოყოლებული დასავლეთს არასდროს ჰქონია კოლექტიურობის განცდა. აი, რაც შეეხება ჰეგემონიზმს, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას — კანონად არის ქცეული.

ბატონის წინაშე მთელი ევროპა, ფინია ძაღლივით უკანა თათებზე დამდგარი, მზადაა დავალების შესასრულებლად. არავითარი სუვერენიტეტი, არავითარი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება! ევროპას აკონტროლებს არავის მიერ არჩეული ევროკავშირი — ზედამხედველის ამპლუაში გახვეული, ვაშინგტონის მიერ ნაბოძებში.

ვაშინგტონმა დაავალა მას, როგორც კლასის დამრიგებელს, ევროპელ მოსწავლეთა ზედამხედველობა, თუმცა ვერ ახერხებს ისე, როგორც ამას ვაშინგტონი მოითხოვს. მორჩილი ევროპა ისე აღარ იქცევა, როგორც ბრიუსელი ნატრობს. ბზარი გაჩნდა ევროკავშირში, უფრო სწორად გაფართოვდა. ბზარი ყოველთვის იყო, რასაც თან ახლდა კავშირის წევრთა შორის კინკლავი. მარტო უნგრეთ-პოლონეთის გახსენებაც კმარა, ევროკავშირში არასოლიდარული დამოკიდებულების დასადასტურებლად.

ევროკავშირში მუდამ ჰქონდა ადგილი საფრანგეთის კრიტიკული მოსაზრების ხმამაღლა, საყვედურით გამოხატვას, მაგრამ ის, რაც მისმა პრეზიდენტმა მაკრონმა გაბედა, მოულოდნელი იყო. როგორც ჩანს ჩინეთში ვიზიტმა მაკრონზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა — ჩინეთის თავმჯდომარე სი ძინპინის საუბრების სახით. მაკრონმა დაინახა თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, საკუთარი პოლიტიკის საკუთარ ქვეყანაში გატარება ჰეგემონისკენ ყელმოღერების გარეშე და პარიზში დაბრუნებულმა დამოუკიდებლობის ისეთი ცეცხლი დაანთო, რომ ამერიკელ კონგრესმენთა მწვავე რეაქცია გამოიწვია.

რა თქვა ასეთიო, — იკითხავთ. გასაოცარი არც არაფერი, მაგრამ მაკრონისგან, ანუ აშშ-ს ვასალი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტისგან მართლაც გასაოცარი.

ევროპამ ვაშინგტონის გარეშე უნდა გადაწყვიტოს მთელი რიგი საკითხებიო — ეს იყო მისი ნათქვამის არსი.

მაკრონმა არა მარტო ვაშინგტონი აადუღა, არამედ ბრიუსელიც, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის შეფის შარლ მიშელის განცხადება — რაც მაკრონმა თქვა ხმამაღლა, ევროკავშირისთვის უცხო არ არის, ყველა ასე ფიქრობსო, მაგრამ ვაშინგტონი სხვაა და მის გარეშე ევროპას გაუჭირდებაო.

დაახლოებით იმავე აზრისაა გერმანიის კანცლერი შოლციც — აშშ-ის ობერმარიონეტი, რომელიც უდიდეს კმაყოფილებას გამოთქვამს ვაშინგტონის მიმართ რუსული იაფი გაზის გერმანიისთვის გადაკეტვის გამო. წარმოიდგინეთ რა დონის მლიქვნელი უნდა იყოს გერმანიის დღევანდელი ხელისუფლება, რომ ამერიკას მადლობა უხდიდეს ამ ბოროტებისთვის?!

მაკრონის განცხადება ჩინეთში ვიზიტს მოჰყვა. მაკრონმა თავის თვალით ნახა და მოისმინა იმ წარმატებების შესახებ, რასაც ჩინეთმა მიაღწია.

მან დაინახა, რომ ჩინეთმა ეკონომიკური თვალსაზრისით გაუსწრო აშშ, სამხედრო თვალსაზრისით — გაუტოლდა მას. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩინეთი ჯაბნის დასავლეთს.

ჩინეთ-რუსეთის მჭიდრო თანამშროლობის არსი და ის, რომ ეს ორი ახალ მსოფლიო სისტემას აყალიბებს. ეს ორი არ ემორჩილება ვაშინგტონს. და არა მარტო ეს ორი, არამედ სხვებიც, რომლებიც დღემდე ხმას არ იღებდნენ, მაგრამ, როდესაც დაინახეს, რომ რუსეთ-ჩინეთი ახალ, ანტიამერიკულ მსოფლიო სისტემას ქმნიან, უმალ გადაწყვეტს მათ გვერდით დადგომა.

მაკრონმა დაინახა, რომ ამ ორის გვერდით მთელი მსოფლიოა, ამერიკა-ევროკავშირი-იაპონიის და კიდევ თითო-ოროლა ქვეყნის გარდა.

ვინც ამ ორის გვერდით დადგა, კატეგორიულად მოითხოვს მრავალპოლუსიანობას, აშშ-ს ჰეგემონიზმის გაქრობას. მაკრონმა თავისი თვალით ნახა ჩინეთის თავმჯდომარე სი ძინპინთან შეხვედრის მსურველი ქვეყნების ხელმძღვანელების ცოცხალი რიგი. მაკრონმა ისიც გაიგო, რომ სი ძინპინი კარგა ხანია აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის სატელეფონო ზარს არ პასუხობს. მაკრონმა ახალი ცხოვრების, ახალი მსოფლიოს კონტურები დაინახა, რამაც მას ათქმევინა ის, რაც სახლში დაბრუნებისას თქვა.

მაკრონმა ტელევიზიით დაინახა, მაგრამ ვერ გაიგო სი ძინპინ-პუტინის მრავალსაათიანი საუბრის შინაარსი, ახალი მსოფლიო სისტემის შესახებ, სადაც არ იქნება ერთის ბატონობა, სადაც მრავალხმიანობა იქნება. დაახლოებით ისეთი შინაარსის მატარებელი, როგორიც პუტინმა 2007 წელს მიუნხენში გამოსვლის დროს გააჟღერა.

იცვლება მსოფლიო. ის, ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო და ეს ცვლილება იმ ქვეყანამ წამოიწყო, ჩვენი პოლიტიკოსები რომ „ჭაობს“ ეძახიან. ვინ იცის, ამ ჭაობმა ისეთ წარმატებას მიაღწიოს, იქ ჩაყურყუმალავება სანატრელი გახდეს.

ამერიკაზე შეყვარებული საქართველოს აწმყოზე საუბარი, მით უმეტეს – მომავალზე, არსებულ ვითარებაში ჭირს, ვინაიდან პოლიტიკური ვექტორი — დასავლეთისკენ, არჩეულია, მაგრამ ხალხის მოთხოვნით — დაბეჯითებულით და თანმიმდევრულით კონსტიტუციაც შეიცვლება და ქვეყნის ორიენტაციაც — ხალხის კეთილდღეობის მოსატანად.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი