ლევან იოსელიანი – კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი დაკავშირებულია რეკომენდაციების შესრულებასთან

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპის უმეტეს ქვეყანაში სახალხო დამცველი ყოფილი პოლიტიკოსები ხდებიან, რადგან ომბუდსმენის არჩევის პროცესი დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პროცესია.

„სახალხო დამცველის არჩევა ეს არის შესრულებული რეკომენდაცია და ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ადასტურებენ, როდესაც მე მათ ვხვდები და ამ თანამდებობაზე არჩევას მილოცავენ. ევროპის უმეტეს ქვეყანაში (37 ქვეყანაში) სახალხო დამცველად ყოფილი პოლიტიკოსები არიან არჩეულები. ძირითადად პოლიტიკოსები სახალხო დამცველები ხდებიან, იმიტომ, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესიც დემოკრატიულ ქვეყნებში არის პოლიტიკური პროცესი, ანუ პოლიტიკურ ჯგუფებში შეთანხმების პროცესი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ იქ არჩევანი პოლიტიკოსზე გაკეთდება, რომელიც მერე ტოვებს პოლიტიკას და უფლებებზე მუშაობას აგრძელებს და არა მესამე სექტორზე ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაზე. ჩვენი ქვეყანა თუ განვითარდება პოლიტიკური პლურალიზმის ჭრილში და ბევრი პარტია იქნება სამომავლოდ პარლამენტში, დამერწმუნეთ, რომ ყოველთვის ჩემ შემდგომაც პარლამენტში არჩევანი პოლიტიკოსზე გაკეთდება. ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიები უკვე არავის დაუთმობენ, იმიტომ, რომ ეს კონსენსუსით მისაღწევი გადაწყვეტილებაა. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც სახალხო დამცველის კანდიდატურა მმართველმა პარტიამ განა დაუთმო ოპოზიციას ან არასამთავრობო სექტორს, პირიქით კონსენსუსის მიღწევა მოხდა. იმიტომ, რომ ხმები, რომელიც უნდა მომეგროვებინა, არ ჰქონდა არც მმართველ პარტიას და შესაბამისად, არც ოპოზიციას. ამიტომ ამ ხმების კონსოლიდაცია აუცილებელი იყო“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდება და საქართველოსთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

„კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი დაკავშირებულია რეკომენდაციების შესრულებასთან, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ყველა აქტორს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს, რომელიც ამ პროცესში მთავარია და ოპოზიციასაც პასუხისმგებლობა აქვს, რომელიც ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს. ასევე, სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესებში ჩართულია.

დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი იმ ძირეული რეფორმების, რაც ჩვენმა ქვეყანამ უნდა გაატაროს. ჩვენი გაცხადებული მიზანია ევროკავშირის და ნატოს წევრობა. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება მიღებული იქნება. მიმაჩნია, რომ ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც რეგიონში არსებობს, დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ იყოს ნათელი განაცხადი, განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა ევროპული ოჯახის წევრობის და ამ გზაზე საქართველო არ არის მიტოვებული, ამას ჩემი აზრით, დიდი პოლიტიკური გზავნილი აქვს, იმედი მაქვს, ეს გზავნილი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან გაჟღერებული იქნება“, – განაცხადა იოსელიანმა.