მედიის ცნობით, აშშ სამხრეთ კორეასთან უყრაინის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან უყრაინის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელებს.

 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს მომავალ კვირას, 24-29 აპრილს ეწვევა და ჯო ბაიდენთან გამართავს შეხვედრას. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა „როიტერს“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.

მანამდე კი სააგენტოსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში მის ქვეყანას შეუძლია, გასცდეს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების ჩარჩოებს. მედიის ცნობით, იუნ სუკ იოლის აღნიშნულ კომენტარში პირველად გამოჩნდა მისი პოზიციის ცვლილება უყრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„კორეის რესპუბლიკა იყო ერთგული პარტნიორი რუსული აგრესიისგან უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის უფლებების დაცვაში, შეჭრის პირველივე დღეებიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას მოკავშირეებთან უკრაინის დამატებით მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა სამხრეთ-კორეის პრეზიდენტის კომენტარის საპასუხოდ.