ლევან იოსელიანი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროსტან ერთად, სახალხო დამცველი აქტიუარად არის ჩართული სამუშაო ჯგუფში, რათა პრობლემა ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადაიჭრას.

„ეს პრობლემა როდესაც დადგა, პირველივე დღიდან, ერთი თვის წინ ჩავერთეთ პროცესში. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა პრობლემა რამენაირად იქნას გადაწყვეტილი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ აქციის მიმართაც მონიტორინგი არ შეგვიწყვეტია, გამოხატვის ნაწილში რაიმე ტიპის შეზღუდვას თუ ექნება ადგილი ან რაღაც პრობლემა იქნება, ამაშიც ვართ ჩართული და მონაწილეობენ ჩვენი აპარატის თანამშრომლები. ადამიანურად მაწუხებს, რომ ამ ადამიანებს კანცელარიაში არ ეძლევათ საშუალება, პირადი ჰიგიენის საკითხები მოიწესრიგონ. მოვუწოდებდი კანცელარიის ადმინისტრაციას, ამ ადამიანებს ჰქონდეთ ერთის , გამოხატვის საშუალება, მეორე მხრივ, ღირსეულ პირობებში შეძლონ ამ ყველაფრის გაკეთება.

ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამ მედიკამენტის ავკარგიანობაზე, რადგან სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ ამაზე. ჩვენი ინტერესია ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს საკითხი. სამედიცინო თვალსაზრისით ეს მედიკამენტი ყველა კრიტერიუმს თუ აკმაყოფილებს, რომ ის უნდა მიიღონ ამ ბავშვებმა. ბუნებრივია, სახალხო დამცველის აპარატი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვერც ამ პრეპარატის შემოტანაზე, ვერც ხარისხზე და ვერც შედეგზე. ეს არ არის ჩვენი შეფასების ნაწილი. ვინც ეს უნდა გააკეთოს, მათთან ამ ადამიანების ეფექტურ კომუნიკაციას ვუწყობთ ხელს. ამ პროცესში სოლიდარობას გამოვხატავთ მათ მიმართ. რამდენიმე პოლიტიკოსი დამიკავშირდა და ვუთხარი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მე აქციაზე არ ვარ, რადგან პოლიტიკოსებს საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და სახალხო დამცველს თავისი. შესაბამისად, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი მანდატის ფარგლებში. მოვედი, რათა მშობლებისთვის დამედასტურებინა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ მათი შვილების ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.