ბექა დავითულიანი – საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, თავი გადაირჩინოს მზარდი საფრთხისგან, პრორუსულობას არ ნიშნავს

საქართველოს ხელისუფლება რომ ცდილობს, თავი გადაირჩინოს რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხისგან, ეს პრორუსულობას არ ნიშნავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით დავითულიანი ლორდთა პალატაში საქართველოს შესახებ დებატებს გამოეხმაურა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას დასავლურ ოჯახში შესვლა ქვეყნის განადგურების ხარჯზე არ სურს.

„საქართველოს პრორუსულობაში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა. ჩვენ ნანახი გვაქვს შედეგები, როგორ მძიმედ მთავრდება, როდესაც ძალიან მკაფიო ნაბიჯებს ითხოვენ ხოლმე პარტნიორები. ჩვენ გვინდა, დასავლურ ოჯახში შევიდეთ და მისი სრულფასოვანი ნაწილი გავხდეთ, მაგრამ არ გვინდა, ეს ამ ქვეყნის განადგურების ხარჯზე გავაკეთოთ, რადგან თუ ევროკავშირში შესასვლელი აღარაფერი იქნა და ერთი მთლიანი შენობა არ დაგვრჩა, რა შევიყვანოთ? საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი დგას და დღევანდელ სიტუაციაში რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება ქვეყანას უსაფრთხოების რისკებს გაუზრდის. უსაფრთხოების რისკების გაზრდა და გამწვავება გამოიხატება, მათ შორის, ორმხრივი სანქციების დაწესებაში, რომელიც უკვე მოგვთხოვეს, მკაფიო აგრესიულ რიტორიკაში, რომელსაც პერიოდულად გვთხოვენ და ვერ ვშვრებით. განა არ ვშვრებით, ვერ ვშვრებით. ძალიან გვინდა, რუსები, მისი საოკუპაციო ჯარები ჩვენი ქვეყნიდან გავყაროთ, პუტინს პატარა ჰიტლერი ვუწოდოთ, რომელიც ნამდვილად არის, მაგრამ დღეს ჩვენ ამის ძალა არ გვაქვს, რადგან თუ ამას პასუხი მოჰყვა, ამით ჩვენი ქვეყანა დაზიანდება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.