რუსული ნავთობი ევროპულ ბაზარზე ინდოეთის გადამამუშავებელ ქარხნებში წარმოებული მზა ნავთობპროდუქტების სახით შესვლას აგრძელებს. ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით იტყობინება.
„რუსული ნავთობის ევროპაში პირდაპირი მიწოდების აკრძალვა დეკემბრიდან მოქმედებს, ხოლო რუსეთში წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე თებერვლიდან. თუმცა, ევროპული სანქციები არანაირად არ კრძალავს რუსული ნავთობისგან მიღებული ნავთობპროდუქტების მიწოდებას ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის ინდოეთი“, – წერს მედიასაშუალება.
Bloomberg-ი წერს, რომ აპრილში ინდოეთი ევროპაში მზა ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი გახდება და ის იქნება რუსული ნავთობის მთავარი მყიდველი.
ევროკავშირისთვის დიზელის მიწოდების მხრივ ის საუდის არაბეთსაც კი გაუსწრებს.
„ერთის მხრივ, ევროპას სჭირდება დიზელის საწვავის მიწოდება მესამე ქვეყნებიდან, რათა შეცვალოს აკრძალული რუსული საწვავი მაგრამ მეორეს მხრივ, ასეთი არაპირდაპირი მიწოდებები ზრდის რუსულ ნავთობზე მოთხოვნას მსოფლიოში“, – წერს მედიასაშუალება.
ინფორმაციისთვის, გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე თითქმის სრული აკრძალვა დააწესეს.