საქსტატი – 2023 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 225 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 225 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 154 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 6.9 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 764 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება. ამასთან, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებულია 54 შემთხვევა, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში კი, ოთხი შემთხვევა.

2023 წლის მარტში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 417 შემთხვევა; მუქარა – 262 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 234 შემთხვევა; ძალადობა – 178 შემთხვევა; გაუპატიურება – ოთხი შემთხვევა; თაღლითობა – 106 შემთხვევა;

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 312 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 139 შემთხვევა;

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში განზრახ მკვლელობის მუხლით ექვსი შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით 10 შემთხვევა გამოვლინდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი, გამოძიება ერთ შემთხვევაზე დაიწყო.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მარტში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 838 პირი შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით, 2 225 პირიდან, რომელზეც დევნა დაიწყო, 46 არასრულწლოვანია. საქართველოს მასშტაბით, სისხლის სამართლებრივი დევნა 37 პირის მიმართ შეწყდა.