„ასეთი ყურადღების ფონზე, რა თქმა უნდა გებადება იმედი, რომ საელჩოს უშუალო ჩარევით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ტრასებზე ბიოტუალეტების ჩადგმის პრობლემაც“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ჭავჭავაძის გამზირის 23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას და შესაბამის შეხვედრაზე ელჩის დასწრებას.
„საქართველო ყოველთვის მადლიერი იყო აშშ-ს მიერ ჩვენთვის „მიწისზედა” დახმარების გამო. ამ მადლიერებაში არ უნდა გამოგვრჩეს არც მისი „მიწისქვეშა” დახმარების ფაქტებიც. მართალია, საქართველოში ამერიკის დიპლომატიის ისტორიის განმავლობაში საკუთარი ელჩის მიწის ქვეშ გაგზავნის პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა, ამიტომ ქალბატონ კელი დეგნანი „მთის მივლინების ბლანკით” ჭავჭავაძის გამზირის 23-ში მდებარე „პადზემკა” პარკინგის მშენებლობის თათბირზე ვიხილეთ. „ამ შენობისადმი არსებობს ამერიკული ინტერესი. ჩვენ, როგორც საელჩო, ყოველთვის ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს განვითარებაში. საინტერესო იყო მეზობლების აზრის მოსმენა ავტოსადგომის სივრცის ნაკლებობის თაობაზე. ამიტომ კარგია, რომ ხალხს მიეცა შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მოესმინათ პასუხები“, – ბრძანა დღეს კელი დეგნანმა. ასეთი ყურადღების ფონზე, რა თქმა უნდა გებადება იმედი, რომ საელჩოს უშუალო ჩარევით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ტრასებზე ბიოტუალეტების ჩადგმის პრობლემაც“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.