მაისში შესაძლოა, მოსკოვში ირანის, სირიის, თურქეთის და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრა შედგეს

თურქეთის, ირანის და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრები შესაძლოა, მაისში მოსკოვში ჩავიდნენ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან შეხვედრის გასამართად.

Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

არსებული ცნობით, TRT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის საგარეო მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ანკარასა და დამასკოს შორის ურთიერთობების მოგვარებას შეეხება სირიის სამოქალაქო ომის პერიოდში ქვეყნებს შორის მრავალწლიანი მტრობის ფონზე.

„რამდენიმე თარიღი იყო შეთავაზებული, რაზეც ვუპასუხეთ, რომ ეს ჩვენთვის ხელსაყრელია. ველით დანარჩენი ორი ქვეყნისგან პასუხებს, შემდეგ კი რუსეთიდან მიწვევას დაველოდებით. დიდი ალბათობით, მოსკოვში მაისის პირველი 10 დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, – აცხადებს ჩავუშოღლუ.

„ნატოს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭირა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკურ და შეიარაღებულ ოპოზიციას 12-წლიანი სამოქალაქო ომის დროს და საკუთარი ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთში გაგზავნა“, – აღნიშნავს Reuters.