ცესკო – 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა ამომრჩეველთა 12,19%, ყველაზე მაღალი აქტივობა კი, ცაგერში დაფიქსირდა

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ამ დროისთვის 10-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე აღნიშნა, ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და აკეთებენ საკუთარ არჩევანს.

„იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. ეს არის ერთ-ერთი იმ სიახლეებიდან, რომელსაც დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია სთავაზობს ამომრჩევლებს“, – აცხადებენ ცესკო-ში.

როგორც ნათია იოსელიანმა განაცხადა, ადგილი ჰქონდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული აქვს ყველა შესაძლო რისკი და შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში არ შეფერხდება ხმის მიცემის პროცესი.

 

„გაწერილი გვაქვს შესაბამისი ინსტრუქციები და როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა იციან, როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევებში“, – აღნიშნა იოსელიანმა.

 

რაც შეეხება აქტივობას, ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მისული იყო 22 557 (12,19%) ამომრჩეველი.

„ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში დაფიქსირდა, სადაც მოსულია ამომრჩეველთა 25,3 %. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. აქვე შევახსენებთ მათ, რომ საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ, ისარგებლონ ცესკო-ს ვებგვერდით – cesko.ge. ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ, ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.