კუბამ, 64 წლის განმავლობაში პირველად, ეკონომიკური პრობლემების გამო, ტრადიციული აღლუმი გააუქმა

კუბის კომუნისტურმა მთავრობამ ორშაბათს ტრადიციული საპირველმაისო აღლუმი, საწვავის მწვავე დეფიციტის გამო გააუქმა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ყოველწლიურად, ასობით ათასი ადამიანი მიემგზავრება კუნძულზე, რათა ჰავანაზე, რევოლუციის მოედანზე, მშრომელთა საერთაშორისო დღე აღნიშნონ. 1959 წლიდან მოყოლებული პირველად, დღესასწაული ეკონომიკური პრობლემების გამო არ ჩატარდა.

ბოლო დღეების განმავლობაში, ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგებია, მძღოლები, ხშირად, რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი იცდიან.

მანამდე, ქვეყნის პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ კუბა, საჭირო საწვავის მხოლოდ ორ-მესამედს იღებს და რომ კონტრაქტორები თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კუბას დაბალხარისხიანი ნავთობი აქვს, კუნძული, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ არის, მისი გადამუშავების საშუალება არ აქვს. ბოლო წლების განმავლობაში, ხარისხიანი ნავთობის მოწოდება ვენესუელიდან, რომელიც კუბაზე ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელია, 50%-ით შემცირდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვენესუელას თავად აქვს პრობლემები და მისთვის სულ უფრო რთულია თავისი სოციალისტური მოკავშირის სუბსიდირება.

აქამდე, კუბაზე საპირველმაისო აღლუმი მხოლოდ 2020 და 2021 წლებში, პანდემიის გამო არ ჩატარდა.