რომ არ გვინდა ომი და გვინდა მშვიდობა, სწორედ იმიტომ ვითხოვთ დროულად დავიწყოთ რუსეთის პირველ პირებთან საუბარი!

საინტერესო რამაა ცხოვრება. იკრიბები რესპუბლიკის მოედანზე, რომ დაგმო დასავლეთის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის დაძალება და, ამ დროს, ჰოი, საოცრებავ – ნაპოლი-სალერნიტანას აყურებინებ შეკრებილ საზოგადოებას … რაღაც, ლოღიკაში არ ჯდება, ხომ ? თუ ომის ალბათობაა, შე დალოცვილო, რა გეფეხბურთება, რა გესპალეტება, შედი “ფლეშსკორზე” და ისე ახარე მოსახლეობას, რომ ხვიჩას “ნაპოლი” სკუდეტოს დაეუფლა …

შეხვედრა ისე 1:1 მორჩა და ნეაპოლური კლუბის ჩემპიონობა დროებით გადაიდო. საინტერესოა, ვინ აიღო ამ ფრეზე პასუხისმგებლობა, “უცნობმა”? ცოტა ხუმრობით ვიტყვი, ამ მატჩის შემდეგ “ლივერპული”-“ტოტენჰემის” ისტორიული დაპირისპირება იწყებოდა და ბარემ, ჰარი კეინის თამაშიც ეჩვენებით დიდ ეკრანზე.

წინა დღეს კი “უცნობმა” ახალი კლიპი ჩაწერა და შეკრების საორგანიზაციო კომიტეტის წევრები მას სოციალური ქსელით გავეშებით ავრცელებდნენ… მაგალითისთვის, პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი გოგავა, რომელიც ამ აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი გახლდათ, აღნიშნულ კლიპთან დაკავშირებით წერდა – „ჟრუანტელმა დამიარა!“  რიჰარდ ვაგნერის „ღმერთების დასასრულისთვის“ რომ მოგესმინათ, ბატონო ირაკლი, ჟრუანტელი კი არ დაგივლიდათ, სისხლი გაგეყინებოდათ.

როგორ ჩაიარა აქციამ ? პრინციპში წყნარად, ევროკავშირის და მოსტრატეგიულო პარტნიორის ანუ აშშ-ის დროშების რწევა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა „ქართული ოცნების“ პარტაქტივით, ე. წ. ადმინისტრაციული რესურსით იყო იყო გაჯერებული რესპუბლიკის მოედანი და 15 000 მანიფესტანტი ტაშით ეგებებოდა გამომსვლელებს…

სიმართლე გითხრათ, მქონდა მოლოდინი, რომ აშშ-ს საელჩოსკენ დაძრავდნენ შეკრებილ მოსახლეობას ორგანიზატორები, მაგრამ არ ქნეს ეს საქმე … იყო მეორე მოლოდინიც, რომ საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, რომ დაეწყოთ პირდაპირი საუბარი რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან. არც ერთი მოლოდინი არ გამართლდა …

სამაგიეროდ, ტრადიციულად მრავლად იყო ნაცების ძაგება და ლოზუნგი „არა ომს!“ ნეოლიბერალიზმი დაგმეს გამომსველელებმა და პლებისციტის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. გამაკვირვა ბატონი სოსო მანჯავიძეს გამოსვლამ: მან ნეოლიბერალიზმი დაგმო და რატომღაც გამორჩა, რომ „ოცნების“ დროს მიღებული ლიბერალური კანონების ერთ-ერთი შემოქმედი და ხმის მიმცემი საკანონმდებლო დონეზე, აქციის სულისჩამდგმელი ზაზა პაპუაშვილი იყო! შეგახსენებთ: ე. წ. ანტიდისკრიმინაციული, იუვენალური კანონების დაკანონება და არა მარტო.

ან ეს ყბადაღებული პლებისციტი რა გახდა. ბატონო სოსო, პლებისციტს ნიშნავს მხოლოდ პრემიერმინისტრი და მის შედეგს მხოლოდ სარეკომენდაციო სახე აქვს.

და მაინც, მთავარი ვთქვათ. ადრე იძახდნენ: „აპა, ნაცები გინდათ?!“ ახლა ამბობენ: „აპა, ომი გინდათ?!“ ჯერ ერთი, თავს თუ დიდგორის ბრძოლის შთამომავლებად მიიჩნევთ, ამ წინადადების თქმა მართლაც მიუღებელია და, მეორე, რომ არ გვინდა ომი და გვინდა მშვიდობა, სწორედ იმიტომ ვითხოვთ დროულად დავიწყოთ რუსეთის პირველ პირებთან საუბარი და ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ დამოუკიდებელი ერი ვართ !

12 გამომსვლელიდან, ვერცერთმა ვერ შებედა ქალაქის მერს კალაძეს სიტყვა – მან ხომ საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა დემნა გვასალიას – ნეოლიბერალიზმის აშკარა წარმომადგენელს…

ფაქტია, „ოცნების“ ბევრ დაპირებას ყავლი აქვს გასული, თუმცა მომავალში კვლავ ვიხილავთ მმართველი პარტიის ამაყ განცხადებებს  – „ჩვენ ნატოს კარს ვუკაკუნებთ“… და გუშინდელ აქციაზე შეკრებილი პარტაქტივი უკვე ამ ლოზუნგს დაუკრავს ტაშს.

 

ბოლოსიტყვად:

11 წლის მანძილზე „ქართულ ოცნებას“ ვინ უშლიდა ხელს იმაში, აეყვავებინა საქართველო ? ვინ უშლიდა ხელს, დამნაშავეები დაესაჯა ? ვინ უშლიდა, ღირსეულად ეპასუხა ნაცებისთვის ? ვინ უშლიდა, შეემცირებინა ემიგრაციის ტალღა და მიეხედა გენოფონდისთვის? ვინ უშლიდა, სოციალურად დაელაგებინა მოსახლეობის ცხოვრება ? ვინ უშლიდა, ვინ? „გამპრავებელთა“ კოჰორტა რომ მიუსიეს მშრომელ და პატიოსან ხალხს და დღეს რომ ნაცებთან ერთად დამატებით ომით აშინებენ – სულ ესაა „ქართული ოცნების“ პოტენციალი?!

დღეს 1 მაისია, მშრომელთა საერთაშორისო დღე …  და სწორედ მშრომელები აიძულეს, დასავლეთში გადახვეწილიყვნენ, რათა მშივრები არ დახოცილიყვნენ. სამაგიეროდ, „გამპრავებლები“ დააწინაურა ოცნებამ, კარგი ხელფასები დაუნიშნა, ბიზნესები გაუხსნა და დღეს უტიფრად ღრიალებენ – „აპა, ომი გინდათ!?“  არ დამავიწყდება, ქოცების ერთმა თავგადაკლულმა მომხრემ და „გამპრავებელმა“, როდესაც აზრი გავუჟღერე, რომ აუცილებელია რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყება, „რუსეთუმე“ მიწოდა და სოც. ქსელში მიმბლოკა … ესაა რეალობა !

როგორც სპორტული ჟურნალისტი,  საფეხბურთო ენაზე  დავასრულებ წერილს და გეტყვით, ტაბლოზე ჯერ-ჯერობით, აისახება შემდეგი შედეგი: ქართული სახელმწიფო ბევრით 0-ს აგებს!

 

 ბექა კვიციანი