პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დავით უსუფაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც განმარტა, რატომ არ ითხოვს ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის დღის წესრიგში დამატებას.
„ამოღება [საკითხის] შეიძლება მაშინ, როდესაც ის სადღაც დევს. შესაბამისად, რაც ორშაბათს უნდა შექმნილიყო და დამტკიცებულიყო, აპრიორი ბუნებაში რაც არ არსებობდა, ბუნებრივია იმაზე ვერც დავით უსუფაშვილი და ვერც ნებისმიერი სხვა ადამიანი იტყვის, რომ იქ რაღაც ეწერა და იქიდან ამოიღეს. დოკუმენტი, რომელიც ორშაბათს უნდა შეიქმნას, ბუნებრივია ვერ გახდება ასეთი განხილვის საფუძველი. პირიქით, ორშაბათს იქმნება ახალი დღის წესრიგი და ამ ახალ დღის წესრიგში უნდა შეეტანა ოპოზიციას მათთვის საინტერესო საკითხი. ბატონ უსუფაშვილსაც რთული პასუხი გაუცია, რომ გაემართლებინა თავისი ნაბიჯი. რთულია მაგ პასუხის გაგება ნამდვილად. საქმე მარტივად არის, მათ [ოპოზიციას] უბრალოდ ძალიან ზედაპირული მიდგომები აქვთ რეგლამენტთანაც, პროცედურებთანაც. იჩემებენ, რომ პროცედურული დემოკრატიის ყველაზე კარგი მცოდნენი არიან რადიკალურ ოპოზიციაში, სინამდვილეში კი დაუშვეს ელემენტარული პროცედურული შეცდომა და ახლა ცდილობენ ახსნა-განმარტებებით ეს გადაფარონ“, – განაცხადა თალაკვაძემ „ქრონიკაში“.
უსუფაშვილის განცხადებით, „მათ [უმრავლესობას] უნდოდათ, დაეფიქსირებინათ ფაქტი, რომ ჩვენ მოვითხოვეთ დღის წესრიგში რაღაცის დამატება. მე თუ ამას მოვითხოვ, ეს ნიშნავს, რომ ვაღიარებ: ის არასწორად კი არ იყო ამოღებული, არამედ სწორად ამოიღო ვიღაცამ და ახლა ვითხოვ რაღაცის დამატებას“.