Bloomberg: რუსეთი უცხოური ვალუტის რეზერვების შესყიდვას განაახლებს

დიდი ალბათობით, რუსეთი მაისში, თავისი რეზერვების შესავსებად, სავალუტო შესყიდვებს განაახლებს. მიუხედავად აშშ-ისა და ევროპის ძალისხმევისა, შეამცირონ რუსეთის ხაზინის შევსება, ნავთობის შემოსავლების ზრდა ასტაბილურებს მის ფინანსებს. ამის შესახებ Bloomberg წერს. სააგენტოს ცნობით, რუსეთის ენერგოექსპორტის შემოსავლები ამჟამად მიზნობრივ დონეს აჭარბებს.

Bloomberg Economics-ის თანახმად, უცხოური ვალუტის საწყისი შესყიდვები შეიძლება იყოს 200 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იუანში. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს განცხადება უკვე ამ კვირაშია მოსალოდნელი. “უცხოური ვალუტის შესყიდვების მოცულობა თავდაპირველად იქნება მცირე, მაგრამ უკიდურესად სიმბოლური, რადგან ის აჩვენებს, რომ ქვეყანა ზრდის მათ რეზერვებს”, – ციტირებს Bloomberg-ი რუსი ეკონომისტის ალექსანდრე ისაკოვის სიტყვებს.

უცხოური ვალუტის შესყიდვის განახლება ხაზს გაუსვამს რუსეთის ფედერაციის უნარს, შეინარჩუნოს ნავთობდოლარების ნაკადი სანქციების და G7 ქვეყნებისა და ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის მყიდველებისთვის დაწესებული ფასის ზედა ზღვრის პირობებში.

5 დეკემბერს ძალაში შევიდა რუსულ ნავთობზე დაწესებული ზედა ზღვარი, რაც ბარელზე 60 დოლარია. 5 თებერვლიდან ასევე მოქმედებს რუსეთიდან ნავთობპროდუქტებზე ფასის ზედა ზღვარი – ბარელზე 45 და 100 დოლარი, ნედლეულის სახეობიდან გამომდინარე.