დავით კირკიტაძე – მადლიერი ვარ მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე უზრუნველყოფილი იყოს

ვნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 61% უჭერს მხარს, მოქალაქეების 61%-მა განაცხადა, რომ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება, რომელიც დღეს არ არის უზრუნველყოფილი ხელისუფლების მიერ, უნდა იყოს დაცული. მადლიერი ვარ ამ მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე იქნეს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, ამ დღეებში ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამტყუნა რუსეთი 2008 წლის ომში და ამით კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ მათ, ვინც ცდილობდნენ ისრები წინა ხელისუფლებისკენ შეეტრიალებინათ.

„მანამდე იყო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოუტანა მარიონეტული ხელისუფლების სამ წარმომადგენელს. მინდა მივულოცო ყველა პატრიოტს, ყველა სამხედროს, სამოქალაქო საზოგადოებას. აგვისტოს ომში რუსეთი მთლიანად ჩართული იყო და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი ამ ომში იყო დამნაშავე, ასევე ომის ინიციატორი და კონკრეტული დანაშაულებები ჩადენილი იყო მათი მხრიდან. ამით კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ ეწარმოებინათ ცრუ პროპაგანდა და რამენაირად შემოეტრიალებინათ ჩვენკენ ისრები. მინდა, ყველა სამხედროს, გენერალს და განსაკუთრებით მთავარსარდალს, მივულოცო, ადამიანს, რომლის მიმართ 20 წელი განუწყვეტლად მიმდინარეობს ნეგატიური კამპანია – რუსული პროპაგანდა, რომელსაც სამწუხაროდ, საქართველოშიც გამოუჩნდნენ მიმდევრები. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს ეს კამპანია უწყვეტად, ჩვენ ვნახეთ, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენას, მისი ჯანმრთელობის უფლების დაცვას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 61% უჭერს მხარს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.