საქართველოს ვიზიტით მყოფ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაერო-ში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძესთან ერთად მცხეთაში უმასპინძლა. უცხოელ დიპლომატებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, თამარ ყორიაულმა ტურისტულად საინტერესო ადგილები გააცნო.
გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს ტურისტული პოტენციალით და ტურისტულ პროდუქტებით დაინტერესდნენ. უცხოელ დიპლომატებს თამარ ყორიაულმა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენის დინამიკა გააცნო და პანდემიის შემდეგ მიღწეული პროგრესი გაუზიარა.
გაერო-ში ბენინის რესპუბლიკის, კომოროს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, დომინიკის რესპუბლიკის, ლიბიის, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით ეწვივნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.