მაკა ბოჭორიშვილი – ვუყურებთ საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში ჩამდგარი პოლიტიკოსების ძალისხმევას, რომ ქვეყანა დააზიანონ

საგარეო პოლიტიკური აქტივობების მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხორციელების უზრუნველყოფა, ჩვენი პარტნიორების ინფორმირება, საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ლუქსემბურგში ვიზიტი და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პრაღაში ვიზიტი შეაჯამა.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლებლობების ფანჯარაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად გაიხსნა, მეორეს მხრივ,  მოცემულობა არის ის, რომ ეს გზა ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გვაქვს გასავლელი. ისიც უნდა ვთქვათ, ალბათ, რომ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების სრულყოფილად აღქმა ყველასთვის მარტივი არ არის. თუმცა, გადამეტებული მოლოდინი სხვებისგან რთულია გქონდეს, როდესაც ყოველდღიურად ვუყურებთ ჩვენივე ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში ჩამდგარი პოლიტიკოსების გამალებულ ძალისხმევას, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა ნებისმიერი საბაბით დააზიანონ და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ბრძოლა ნებისმიერ ფასად მოიგონ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე აღარც საჯაროდ საუბარს ერიდება, თუ როგორ წაადგება მათ ამ მიზანს, თუ კი საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს დეკემბერში და ეს არის ის რეალური ზრახვა, რაც ქვეყნის ოპოზიციაში ჩამდგარ ადამიანებს ამოძრავებთ.