საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობა დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ NASA და მისი პარტნიორები სადგურს 2030 წლამდე შეინარჩუნებენ, უკვე არსებობს გეგმები მისი ჩამნაცვლებელი კოსმოსური სადგურის შესახებ.
ჩინეთი გეგმავს, რომ ამ მხრივ მსოფლიოში წამყვანი გახდეს მისი სადგური Tiangong-ი; უახლოეს წლებში საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციაც (ISRO). კომერციული კოსმოსური სადგურების შექმნის თაობაზე NASA-მ კონტრაქტები გააფორმა სამ აეროკოსმოსურ კომპანიასთან, მათ შორის არის Orbital Reef-ი, Axiom Space Station (AxS) და Starlab-ი.
ამასობაში, სცენაზე შემოდის ევროპული აეროკოსმოსური გიგანტი Airbus-იც.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში, კომპანია დეტალურად აღწერს საკუთარ მრავალდანიშნულებიან ორბიტულ მოდულს (MPOP), სახელად Airbus LOOP-ს. ეს მოდულური კოსმოსური სეგმენტი მოიცავს სამ ძარას, ცენტრიფუგას და ოთხი ასტრონავტისთვის საკმარის სივრცეს, რაც შესაფერისია მომავალი კოსმოსური სადგურისა და მარსის ხანგრძლივი მისიებისთვის.
LOOP-ი ეფუძნება კომპანიის ხანგრძლივ ისტორიას კოსმოსურ ფრენათა პროგრამებში; მათ შორის არის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდული Columbus-ი, ავტომატური ტრანსფერის აპარატი (ATV) და ორიონის ევროპული სერვის-მოდული (ESM).
როგორც ვიდეოში ხედავთ, ინტერიერის დიზაინი სამი დონისგან შედგება. მათ შორის არის (მაღლიდან დაბლა) საცხოვრებელი განყოფილება, სამეცნიერო განყოფილება და ცენტრიფუგა, რომელიც ეკიპაჟის წევრებისთვის გრავიტაციის სიმულირებას ახდენს.
მოდულის დიამეტრი 8 მეტრია და დაახლოებით ამდენივეა სიგრძეშიც; მოცულობა დაახლოებით 100 კუბური მეტრია.
Airbus-ის განცხადებით, ინტერიერის სხვადასხვა განყოფილებებად დაყოფა „უსაფრთხო შიდა სივრცის კონცეპტის“ საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკიპაჟის წევრები დაცული იქნებიან მზის ანთებებისა და სხვა ასეთი შემთხვევებისგან.
თითოეულ განყოფილებაში შესვლა შესაძლებელია „გვირაბით“, რომელსაც გარს აკრავს სათბურის სტრუქტურა, სადაც შესაძლებელი იქნება ექსპერიმენტების ჩატარება მცენარეებზე, გარდა იმისა, რომ ეკიპაჟის წევრებს მოამარაგებს ბოსტნეულითა და სხვა მცენარეული საკვებით.
მოდული ოთხკაციან ეკიპაჟზეა გათვლილი, მაგრამ დროებით შეუძლია ერთდროულად რვა ასტრონავტის დატევა.
შესაძლებელია ისიც, რომ განყოფილება მოერგოს კონკრეტული მისიის საჭიროებებსა და მიზნებს, აღიჭურვოს მისიისთვის სპეციფიკური დანადგარებითა და ინფრასტრუქტურით.
სტანდარტულ დიზაინში, საცხოვრებელი განყოფილება წარმოადგენს საერთო სივრცეს დიდი ფანჯრებითა და სავარჯიშო დანადგარებით.
სამეცნიერო განყოფილება აღჭურვილია მრავალი კომპიუტერული ტერმინალით.
თუმცა, LOOP-ის ალბათ ყველაზე საინტერესო ელემენტია ცენტრიფუგა, რომელიც შედგება ორი წონისა და ეკიპაჟის ორი კონტეინერისგან. ამ კონტეინერებში მოთავსებულია სავარჯიშო ველოსიპედები; შექმნილია ხელოვნური გრავიტაციული გარემო, რომელშიც ერთდროულად ორ ადამიანს შეეძლება ყოფნა.
კომპანიის განცხადებით, სამგანყოფილებიანი დიზაინი აკმაყოფილებს ხანგრძლივი კოსმოსური მისიების ყველა მოთხოვნას, რის გამოც, LOOP-ი ყველა ეკიპაჟიანი თუ სატვირთო ხომალდისთვის არის შესაფერისი, როგორც ამჟამად მომუშავე, ისე სამომავლოებისთვის. მათ შორის არის საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომელთან ინტეგრირების შემთხვევაშიც, LOOP-ი უზრუნველყოფს დამატებითი სივრცესა და „გრავიტაციულ თერაპიას“.
ასევე შესაძლებელია მისი ინტეგრირება „მთვარის ჭიშკართან“ ან საცხოვრებელი მოდულის სახით გამოყენება შეთავაზებულ პროექტში „ღრმა კოსმოსის ტრანსპორტი“ (DST).
Airbus-ი ხაზს უსვამს, რომ LOOP-ის მრავალი მოდულის შეერთებით შესაძლებელია სრულფასოვანი კოსმოსური სადგურის შექმნა.
კომპანია ჯერ არაფერს ამბობს, რამდენ გრავიტაციას გამოიმუშავებს ცენტრიფუგა, მაგრამ ვრცელდება გარკვეული შეფასებები.
აპლიკაციების, SpinCalc-ისა და SpaceCalc-ის თანახმად, ცენტრიფუგის კუთხური სიჩქარე 3,86 მ/წმ უნდა იყოს და წუთში 9,2 ბრუნვა შეასრულოს, რათა წარმოქმნას მარსის მსგავსი გრავიტაცია, ანუ დედამიწის გრავიტაციის 38 პროცენტი.
ეს კი განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება მარსის მისიებში, რადგან ეკიპაჟის წევრებს მიკროგრავიტაციის ფსიქოლოგიური ეფექტების შემსუბუქებაში დაეხმარება და წინასწარ მისცემს აკლიმატიზაციის საშუალებას.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.