არავის, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვკარნახობ არაფერს. უბრალოდ, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომელი პოლიტიკური პარტიის სიით გახდა სალომე სამადაშვილი პარლამენტის წევრი და აქ დავამთავრებ მის შეფასებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაურკვეველია, რატომ ესხმის თავს „ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე სამადაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ერთგულია იმ იდეალებისა და პრინციპების, რაც აქვს მიხეილ სააკაშვილს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილია. მოსწონს თუ არა ეს სალომე სამადაშვილს, მისი გადასაწყვეტია. მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა ხაზარაძის იდეოლოგია, მოქმედებები, მან ეს არჩევანი გააკეთა და გაურკვეველია, ახლა თავს რატომ გვესხმის“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
„ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დგას სააკაშვილის მხარდამჭერთა ხმებზე: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მთლიანად მიბმულია ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერაზე და ეს არ არის ნორმალური დემოკრატიული პარტიის ფუნქციონირების, სისტემური მუშაობისთვის. თანამედროვე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა შეეხებოდეს პოლიტიკურ დღის წესრიგს, პროგრამას და არა – პარტიის ლიდერთან დაკავშირებით პოზიციონირებას“.