მატყუარა ფარისეველია, რომელიც ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის ძალაუფლებისთვის და არაფერს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას.
ბოკერიას თქმით, ღარიბაშვილმა კონსერვატორები მოატყუა, თითქოს კონსერვატორია და საქართველოში კონსერვატიულ ღირებულებებს იცავს.
„არც ერთი სიტყვა იმაზე, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესში შედის. არც ერთი სიტყვა იმაზე, რომ ნატო-ს გაფართოება უნდა მოხდეს, არც ერთი სიტყვა იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას რომ რუსეთის წინააღმდეგ გვჭირდება მხარდაჭერა დეოკუპაციაში. იმ აუდიტორიასთან, რომელიც ყველაზე მეტად სკეპტიკურია რუსეთთან დაპირისპირებაზე, საქართველოს ინტერესების დაცვა, ნიშნავდა ამ გზავნილების გატანას. ამის ნაცვლად, ამ სოციალისტური გაერთიანების წევრი პარტიის თავმჯდომარემ თუ ლიდერმა იქ კონსერვატორები მოატყუა, თითქოს კონსერვატორია და საქართველოში იცავს კონსერვატიულ ღირებულებებს, თითქოს საქართველოში დისკუსიაა ბავშვების გენდერის გამოცვლაზე“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.