თინა ბოკუჩავა – რუსეთის ჩრდილქვეშ კარგად ცხოვრება შეუძლებელია, მოსახლეობას არჩეული აქვს ევროპული გზა

რუსეთის ჩრდილქვეშ კარგად ცხოვრება შეუძლებელია, სწორედ ამიტომ მოსახლეობას არჩეული აქვს ევროპული გზა და ჩვენ, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გზა გავიაროთ წარმატებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ღიად აფიქსირებს პრორუსულ პოზიციებს მაშინ, როცა გახსნილია ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის.

„ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკით ქვეყნის შიგნით და ახლა ვხედავთ, რომ ანტიდასავლური რიტორიკით გვევლინება უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ძალიან ბუნებრივია ანტიდასავლური ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ღიად აფიქსირებს პრორუსულ პოზიციებს მაშინ, როცა გახსნილია ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.

რუსეთის ჩრდილქვეშ კარგად ცხოვრება შეუძლებელია და ეს იცის ყველამ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ახლა უკვე ყველამ თავისუფალ სამყაროში. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ცხადად დაინახეს, რომ არათუ რუსეთის ჩრდილქვეშ ცხოვრება შეუძლებელია, არამედ ნებისმიერი მოლაპარაკებაც შეუძლებელია, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო პუტინის ხელში და მასთან ცივილიზებული ურთიერთობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მოსახლეობას არჩეული აქვს ევროპული გზა და ჩვენ, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გზა გავიაროთ წარმატებით და ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.