“რუსეთი ვერ დამარცხდება ომში, რადგან ეს ეგზისტენციალური საკითხია” – რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი

რობერტ ფრენსის კენედი უმცროსის თქმით, რუსეთი ვერ დამარცხდება უკრაინის ომში, რადგან ეს ეგზისტენციალური საკითხია.

კენედი, რომელსაც დემოკრატიული პარტიის სახელით აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება სურს, ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-მა უკრაინაში ომის დაწყებიდან მიიღო, ემსახურებოდა ომის გაგრძელებას და ძალადობის მაქსიმალურ გაძლიერებას.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსები მარცხდებიან ამ ომში. რუსეთს არ შეუძლია ამ ომში დამარცხება. ეს მათთვის ეგზისტენციალური საკითხია. ისინი აძლიერებენ სამხედრო ძალებს, მათ სურთ უპირატესობის მიღწევა არტილერიით და ეს არის საარტილერიო ომი, ჩვენ არ გვაქვს ჩასანაცვლებელი არტილერია. ამაში ჩვენ დავმარცხდით. ეს ომი კატასტროფული ტრაექტორიით გრძელდება“, – განაცხადა რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა.

ამავე ინტერვიუში კენედი ამტკიცებს, რომ „2014 წელს აშშ-ის მთავრობამ მხარი დაუჭირა და ჩაერთო უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების მიზნით მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებაში, რომლის შედეგადაც, ამერიკელი პოლიტიკოსის თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში ანტირუსული ხელისუფლება მოიყვანეს“.

„ამან აფიქრებინა რუსეთს, რომ სულ მალე აშშ-ის ფლოტი შევა შავ ზღვაში, რომ პორტი ჰქონდეს ყირიმში და სწორედ ამიტომ რუსები წინმსწრებად შეიჭრნენ ყირიმში. ამავე დროს უკრაინის ახალმა მთავრობამ მიიღო ისეთი კანონები, რომლებმაც დონბასის რუსულენოვანი მოსახლეობა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აქცია. მათ არალეგალურად გამოაცხადეს მათი კულტურა და ენა, დაიწყეს მათი მკვლელობა, მოკლეს 14 000 მათგანი. ეს იყო სამოქალაქო ომის დასაწყისი და რუსეთის პასუხი, რომელიც იყო არალეგალური. მე არ გამაჩნია არანაირი სიმპათია პუტინის მიმართ. ვლადიმირ პუტინი განგსტერი და ბანდიტია, მაგრამ მისი საპასუხო ქმედება უკრაინაში არარაციონალური არ ყოფილა“, – განაცხადა კენედიმ.

მისივე თქმით, თუ ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, დაუყოვნებლივ მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას. კენედი მიიჩნევს, რომ ომის დარეგულირების საუკეთესო გზა იყო მოცემული მინსკის შეთანხმებაში.

„რუსეთმა მაშინ თქვა, მოდი, შევიმუშაოთ შეთანხმება, რომელიც დონბასს ავტონომიურ რეგიონად აქცევს უკრაინის შემადგენლობაში, სადაც არ განთავსდება ნატო-ს სარაკეტო სისტემები, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა არ შევიდოდა ნატო-ში“, – ამბობს ამერიკელი პოლიტიკოსი.