თურქეთში დღეს არავინ გამოდის აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მოწოდებით, – ამის შესახებ „ბრუკინგის ინსტიტუტის“ მკვლევარმა, თურქმა ჟურნალისტმა, ასლი აიდენთაშბაშიმ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან რთული სათქმელია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თურქეთში არის პროამერიკული.
„ძალიან რთული სათქმელი იქნება, რომ თურქეთში რომელიმე პოლიტიკური პარტია არის პროამერიკული, რადგან ქვეყანა ძალიან შორს წავიდა ანტიდასავლურ სენტიმენტებში. ამიტომ თურქეთში დღეს არავინ გამოდის აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მოწოდებით. აშშ თურქულ პოლიტიკაში იქცა საფრთხობელად, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა განსაკუთრებით ძლიერ ანტიამერიკულ გზავნილებს აკეთებს. თავის მხრივ, ოპოზიცია, რომელიც ხალხს თურქეთში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით ვითარების გამოსწორებას დაჰპირდა, ავტომატურად საუბრობს თურქეთის ხელახლა გაერთიანებაზე ცივილიზებულ სამყაროსთან, როგორც ამას ქილიჩდაროღლუ ამბობს.
მოგეხსენებათ, ეს იყო თანამედროვე თურქეთის დამაარსებელ ათა თურქის დაპირებაც, რამაც რეალურად დაუდო დასაბამი თურქეთის დასავლეთისკენ გადახრილ კურსს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ქილიჩდაროღლუ კამპანიის უმთავრეს საკითხად დემოკრატიას აყენებს და თუ თურქეთში დემოკრატიის კუთხით ვითარება გაუმჯობესდება, მაშინ ეს შედარებით გამოასწორებს ზოგიერთ პრობლემას დასავლელ პარტნიორებთან. ეს არ არის გარანტირებული, თუმცა ამისი პოტენციალი არსებობს. ოპოზიცია ასევე გამოდის დაპირებით, აღადგინოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. ცხადია, ეს არ იქნება მარტივი და არც ის გახლავთ ცალსახად ნათელი, რომ ევროპა ამით დაინტერესებულია“, – განაცხადა ასლი აიდენთაშბაშიმ.
თურქი ჟურნალისტის მოსაზრებით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი თურქეთი ვერ გაწყვეტს ურთიერთობებს რუსეთთან, ხოლო უკრაინის ომთან დაკავშირებით დაბალანსებული პოლიტიკა შენარჩუნდება.
„თურქეთი გააგრძელებს დაბალანსებულ მოქმედებებს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ოპოზიცია თუ გაიმარჯვებს, ჩვენ ვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესების ტენდენციას და ასევე გაგრძელდება უკრაინისადმი თურქული შეიარაღების მიყიდვა. ეს არის ის, რასაც თურქეთი ომის დაწყების შემდეგ აკეთებს და სავარაუდოდ, უკეთესი კლიმატი იქნება ნატო-შიც, თუმცა ოპოზიცია არ აქცევს ზურგს რუსეთს, რადგან მას ეს არ შეუძლია. რუსეთი აკონტროლებს შავი ზღვის უდიდეს ნაწილს, თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილს და სამხრეთ ფლანგს, რადგან რუსეთის წარმოდგენილია სირიაში. ეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, რადგან თურქეთს აქვს პრობლემები სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით და თუ თურქეთის ახალი მთავრობა სრულად გაწყვეტს ურთიერთობებს რუსეთთან, მაშინ შესაძლოა, თურქეთმა მიიღოს კიდევ 2-3 მილიონი სირიელი ლტოლვილი, რომელიც ერთ ღამეში მიადგება თურქეთის საზღვრებს. რუსეთს აქვს მძლავრი ზეგავლენის ბერკეტი თურქეთზე ზემოქმედებისთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. ამიტომ, ვფიქრობ, თურქეთის ნებისმიერ მთავრობას მოუწევს რუსეთთან დელიკატური პოლიტიკის გატარება“, – აღნიშნა ასლი აიდენთაშბაშიმ.
ინტერვიუში თურქი ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდეს საჭირო.
„გამოკითხვები აჩვენებს, რომ არსებობს დიდი შანსი, გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ეს ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა არ გამოვლინდება პირველ ტურში, ანუ 14 მაისს. შესაბამისად, თურქეთის ამომრჩევლებს ხელმეორედ მოუწევთ მისვლა საარჩევნო ყუთებთან 28 მაისს. ეს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება. თურქეთში ასევე ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და კენჭისყრის შედეგები 14 მაისს იქნება ცნობილი. ასეთ ვითარებაში მზარდია შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტი აღმოჩდნეს ერთ მხარეს, ხოლო პარლამენტი მეორე მხარეს. საუბარი მაქვს გაყოფილ მმართველობაზე. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში, თურქეთი არასდროს აღმოჩენილა მსგავსს ვითარებაში, მაგრამ ჩემი აზრით, ვინც გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, მას ექნება უპირატესობა მეორე რაუნდში, რადგან თურქეთის მოქალაქეები შეწუხდებიან მმართველობის გაყოფის შესაძლებლობის გამო, რამაც შეიძლება, ჩიხური სიტუაცია შექმნას და გახდეს ახალი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა, გამოიწვიოს ეკონომიკური რყევები. ამიტომ, საპარლამენტო არჩევნების შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. არ გამოვრიცხავ, 14 მაისს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, თურქეთში უახლოეს წლებში არაერთი არჩევნები ვიხილოთ“, – განაცხადა თურქმა ჟურნალისტმა, ასლი აიდენთაშბაშმა.
„ბრუკინგის ინსტიტუტის“ მკვლევარ, თურქი ჟურნალისტ ასლი აიდენთაშბაშთან ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.