რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება.
რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.
ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა.
კრემლის მიერ გავრცელებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება გააუქმა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მიიღო.
განკარგულებით რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენა ეკრძალებოდათ.