მაკა ბოჭორიშვილი – პოლიტიკური ჯგუფის წევრობა კონტრპროდუქტიული თუ გახდა, ეს ურთიერთობის გადახედვის საფუძველი უნდა იყოს

რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წევრობა კონტრპროდუქტიული თუ გახდა, ეს უნდა იყოს ურთიერთობის გადახედვის საფუძველი. სწორედ ამასთან გქვონდა საქმე და გადავხედეთ იმ ურთიერთობებს, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა „სოციალისტურ პარტიასთან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზები „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ კარგად განმარტეს.

„ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ ოჯახში ვუყურებთ ერთიანობას და მათთან ურთიერთობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში, თუ რამდენად წაადგება და დაეხმარება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის წევრობა ან ურთიერთობა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან საქართველოს-ევროკავშირში ინტეგრაციას. ასეთი წევრობა პროცესისთვის კონტრპროდუქტიული თუ გახდა, ეს უნდა იყოს გადახედვის საფუძველი. სწორედ ამასთან გქვონდა საქმე და ჩვენ გადავხედეთ იმ ურთიერთობებს, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა „სოციალისტურ პარტიასთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დატოვონ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები.