კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები კვლავ იკავებენ ქალაქ ბახმუტის მნიშვნელოვან ნაწილს და, დანაკარგების მიუხედავად, საკმარისი საბრძოლო მასალა აქვთ უკრაინული ძალების წინსვლის შესაჩერებლად.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ბოლო განცხადებებზე კომენტირებისას, რომ დაქირავებულ მებრძოლებს არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა და რეგულარული ჯარების მხარდაჭერა, POLITICO-ს თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ეს განცხადებები სანდო არ არის.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, პრიგოჟინის მიზანია მოსკოვში რეაქცია გამოიწვიოს და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აიძულოს, დამატებითი იარაღი გააგზავნოს.
მათი თქმით, „ვაგნერს“ საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი აქვს და კვლავ აკონტროლებს ბახმუტის, სულ მცირე, 85%-ს.