ქართული ტურკომპანია, რომელიც აფხაზეთის “დამოუკიდებლად” ამღიარებელ ნიკარაგუაში ქართველებს აგზავნის – აშშ-ში არალეგალურად შეღწევის მიზნით!

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებას პირდაპირი რეისების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, დიდი პოლემიკა მოჰყვა სოციალურ ქსელებში …

ერთ-ერთმა “მოავტორიტეტულმა” ტურისტულმა კომპანიამ, სახელწოდებით “Dream Work Travel”,  საკუთარ ფეისბუქგვერდზე ჩართვა მოაწყო და განაცხადა, რომ ტურისტული განხრით ოპერირებას არ განახორციელებდა რუსეთში … ამით, არაპატივცემულმა ტურკომპანიამ პოლიტიკური პოზიცია გამოხატა – ვითომ და, რუსეთი ოკუპანტიაო. მაგრამ, ვის რაში უნდა დასჭირდეს მათი ოპერირება რუსეთში, ეს იციან “დრიმ ვორკ თრეველში”, თორემ ფულის ხარბი ვაჭრუკანები პირველები შევარდებოდნენ რუსულ ბაზარზე.

ახლა კი ერთი წუთით დავუჯეროთ “დრიმ ვორკ თრეველს”, რომ ისინი ძალზე დიდი პატრიოტები არიან და სულ აფხაზეთის გათავისუფლება ელანდებათ. რუსეთი კი არ მოსწონთ იმიტომ, რომ “ოკუპანტია”. მაგრამ აქ ერთი საოცარი ფაქტი გამომზეურდა – აღნიშნული ტურისტული კომპანიის გვერდზე შევედი და… რას წარმოვიდგენდი – ნიკარაგუაში ეპატიჟებიან მადლიერ ქართველ ტურისტებს … (იხილეთ სქრინი).

ანუ რა გამოდის, რუსეთში ტურები არ უნდათ და ნიკარაგუაში, რომელმაც აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა”,  ტაშ-ფანდარუსითვის ეპატიჟებიან მოსახლეობას?!

ორჯერ შევახსენე კომენტარებში, რომ თუ საკუთარ ლოგიკას მიყვებოდნენ, ნიკარაგუამ ხომ დამოუკიდებლად სცნო საქართველოს ტერიტორიები-მეთქი. ნაცვლად ადეკვატური პასუხისა მათი მხრიდან, მოხდა ის, რაც არ გამკვირვებია – უპასუხოდ დამბლოკეს!

აშკარაა, “Dream Work Travel”-ის მენეჯმენტი იმ კატეგორიას განეკუთვნება, ვისთვისაც დოლარს შიშხათიანი გემო აქვს. სამწუხაროდ, ამდაგვარი ორსახოვანი იანუსები მრავლად არიან საქართველოში. ამიტომ, ახლა ასე მოვიქცეთ: მოვნიშნოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც იქნებ დაინტერესდეს, თუ რა მიზნით აგზავნის “დრიმ ვორქი” საქართველოს მოქალაქეებს ნიკარაგუაში – იმ მიზნით ხომ არა, რომ იქედან ჩვენი გატანჯული მოქალაქეები აშშ-ის ტერიტორიაზე შეაპარონ უკანონოდ? ტრეფიკინგის ნიშნები ამ საქმიანობაში განა არ იკვეთება?!

ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახლა აშშ-ის საელჩოსაც მოვნიშნავ – ასეთებზე ალალია კელი დეგნანი!

 

ბექა კვიციანი