2023 წლის I კვარტალში საქართველოში შემოსული ყოველი მეოთხე ვიზიტორი რუსეთის მოქალაქე იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში შემოსული ყოველი მეოთხე ვიზიტორი რუსეთის მოქალაქე იყო.

საქსტატის მონაცემებით, ხსენებულ პერიოდში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა (873,3 ათასი) წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაორმაგებულია. მათი უდიდესი ნაწილი – 220,7 ათასი რუსეთის მოქალაქე იყო და ეს მაჩვენებელი უსწრებდა როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობას ერთად აღებულს, ისე საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან (ცალ-ცალკე).

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.

პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.