საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მინიმუმ, 2009 წლიდან მოყოლებული, თურქეთი საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით უდიდესი მაჩვენებელია. აქედან იმპორტი 2.4 მლრდ, ხოლო ექსპორტი 435.4 მლნ აშშ დოლარია.
გასულ წელს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში თურქეთის წილი, დაახლოებით, 14.6%-ს შეადგენს.
ეკონომიკის ზრდას თან ახლავს და განაპირობებს საგარეო ვაჭრობის ზრდაც. საგარეო ვაჭრობის ყოველწლიური ზრდის პარალელურად, თავისთავად, ყოველ წელს იზრდება თურქეთთან ვაჭრობაც და როგორც 2022 წლის, ასევე მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მოცემულობით, ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 2022 წლის მონაცემებით, თურქმა ინვესტორებმა საქართველოში 106.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, რაც ქვეყნებს შორის მეშვიდე უმაღლესი მაჩვენებელია.
უნდა ითქვას ისიც, რომ თურქეთიდან ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2017 წელს მიაღწია და 256.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
თურქეთის მოქალაქეები საქართველოს ხშირად სტუმრობენ. საქსტატის თანახმად, 2022-ში მეზობელი ქვეყნიდან 925,561 ვიზიტი განხორციელდა, ეს კი რუსეთის შემდეგ მეორე ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 2020-21 წლებში კი თურქეთი ამ მხრივ პირველ ადგილზეც იყო.
ბოლოს კი, უნდა ითქვას ისიც, რომ თურქეთის წილი ფულად გზავნილებშიც მნიშვნელოვანია და 2022 წელს ჩარიცხვების მხრივ, 101 მილიონი აშშ დოლარით, ქვეყანა მეათე ადგილზეა, თუმცა პირველზეა გადარიცხვებით – გასულ წელს საქართველოდან თურქეთში 72.9 მლნ დოლარი გადაირიცხა.
კახი ჩაკვეტაძე,