დმიტრი მედვედევი – ნატო რუსეთზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი არ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა გეოპოლიტიკური მარცხი განიცადა.

მედვედევის მტკიცებით მარცხი ნატო-ს „პრიმიტიულმა პოლიტიკურმა კურსმა“ განიცადა.

„ჯერ კიდევ 2022 წელს ნატო ზანტად გვიშორებდა, როცა საქმე უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა. თითქოს გვეუბნებოდა, თავი დაგვანებეთ, თქვენი დრო არ გვაქვს. ახლა კი ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა ღამით იძინებს და დილით იღვიძებს რუსეთზე ფიქრით. ასე რომ, თუ მართლაც ვინმემ წააგო, ეს არის ნატო-ს პრიმიტიული პოლიტიკა, რომლის ძირითადი ამბიციაა ითამაშოს ექსკლუზიური როლი 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა მედვედევმა.

ცნობისათვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა უყრაინასთან ომში გეოპოლიტიკური მარცხი უკვე განიცადა და ფაქტობრივად, ჩინეთის ვასალური სახელმწიფო ხდება.