ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასა და საქართველოს ევროინტეგრაციას შორის სვამდა ტოლობის ნიშანს, ვინც ამ ცრუ დილემის დაყენებით პირდაპირ მტრობდა საქართველოს ევროპულ არჩევანს, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას ამ ცილისმწამებლური კამპანიის ავტორობის ან წახალისების გამო?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, „არავის ეგონოს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ პოლიტიკურ და რეპუტაციულ პასუხისმგებლობას ვინმე გაექცევა ან აარიდებს თავს“.
„ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ერთი მარტივი კითხვა, რომელსაც პასუხი სჭირდება: ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასა და საქართველოს ევროინტეგრაცის შორის სვამდა ტოლობის ნიშანს, ვინც ამ ცრუ დილემის დაყენებით პირდაპირ მტრობდა საქართველოს ევროპულ არჩევანს, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას ამ ცილისმწამებლური კამპანიის ავტორობის ან წახალისების გამო?“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.
დეპუტატის თქმით, ის დაინტერესებულია, ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეკვეთილ სტატიებს, მილიონ დოლარად ნაყიდ ცრუ ფეიკ კამპანიებს აყენებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტზე მაღლა, განიცდის თუ არა უხერხულობასა და პასუხისმგებლობას, რომ ამ ყველაფრით ცდილობდა უსამართლოდ დაეჩაგრა საქართველო.
„სინამდვილეში მოხდა პირიქით, მან მიიღო რეპუტაციული ზიანი და არა საქართველომ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხელს უწყობდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში შეეტანათ კეზერაშვილისა და სააკაშვილის სახელები და ამით დაეზიანებინა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას იმ სიტყვისა და ცრუ ჩანაწერის გამო, რომელიც სინამდვილეში ჰიბრიდულ ომს წარმოადგენდა საქართველოს წინააღმდეგ და კონკრეტულ ფაქტებთან არანაირი კვეთა და კავშირი არ ჰქონდა. ამ პასუხისმგებლობის ტვირთი არ მოუხსნია, ევროპულმა სასამართლომ კიდევ უფრო მწვავედ დააკისრა იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ებრძოდნენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.