სალომე სამადაშვილი – შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, ვიდრე არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, წარმატების შანსი არ გვექნება

ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა საქართველოს პარლამენტში, არის ცალსახად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი. ეს ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში პირველად დასანქცირდა თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, როდესაც შეგვიწყვიტეს დახმარება. დროულად უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რათა არ დასანქცირდეს ჩვენი ქვეყანა, – განაცხადა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება იმის საფრთხე, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

„ის, რასაც თქვენ აკეთებთ თუნდაც, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით – ეს არის საფრთხე იმისა, რომ საქართველო დადგება დარტყმის ქვეშ. რუსეთთან პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება საფრთხე – საქართველო გამოყენებული იქნას სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება საფრთხე და თქვენი დამსახურებით, ქვეყანამ არა მხოლოდ დაკარგოს ევროპული მომავალი არამედ, ასევე აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. დიახ, ჩვენ გვირჩევნია დასანქცირდეს ივანიშვილი, დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც დღეს ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და რათა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ერთი წლის წინ, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით დაიხურა შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველოს შარშან მიეღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„მე შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ვიდრე არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება, რადგან პოლიტიკური პატიმრების პირობებში მყოფ ქვეყანას ევროპაში ადგილი არ აქვს. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის დღეს ერთადერთი გზა, რომლითაც „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.