შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ეძებს საბაბებს, რომ არ იყოს კონსტრუქციული, დეკემბერში დასრულდა იუსტიციის საბჭოს საკითხზე გასაუბრებები

ოპოზიცია ეძებს საბაბებს, რომ არ იყოს კონსტრუქციული, დეკემბერში დასრულდა გასაუბრებები კანდიდატებთან, შემდეგ მათივე მოთხოვნით გადაიდო კენჭისყრები, ვინაიდან სურდათ, ჩამოყალიბებულიყვნენ კანდიდატებთან დაკავშირებით, გავიდა თვეები რაიმე პოზიცია მათგან არ გვესმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ვინ არიან ის კანდიდატები, ვისაც მხარს უჭერენ.

„დაასაბუთონ წერილობით, რატომ უჭერენ მხარს ამ თუ იმ კანდიდატს. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას, ეს გახლავთ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის, რომ იუსტიციის საბჭო იყოს სრულად დაკომპლექტებული. აქაც გარკვეული ჩიხური მდგომარეობა არის და უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა კენჭი უყაროს ამ კანდიდატებს და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმებას, რადგან ან უნდა შევთანხმდეთ რომელიმე კანდიდატებზე, ან ხელახლა დაიწყოს ეს პროცესი. სამწუხაროდ, აქ არის ისეთი ჩიხი, რომლიდანაც გამოსავალი, გამომდინარე იქიდან, რომ არის კონსტიტუციური რეგულირება, არ გვაქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული. უმრავლესობამ არაერთხელ აჩვენა მზაობა, რომ შესაბამისი პოზიცია თუ იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან, ამაზე ემსჯელა.

ვხედავთ, რომ ოპოზიცია ისევე როგორც სხვა საკითხებზე, იქნებოდა ეს ცესკო-ს საკითხი, ომბუდსმენის საკითხი და ახლა ეს საკითხი, ყველგან აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ არ არიან მზად კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე. სამწუხაროდ, ჩვენ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კვალიფიციური უმრავლესობის წესი გვაქვს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ის საფრთხეები, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით ამ კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, სწორედ ახლა ვხედავთ, როგორ რეალიზდება ეს საფრთხეები, იმ პირობებში. როდესაც ოპოზიცია არ არის კონსტრუქციული, უბრალოდ ჩიხში ექცევა ხოლმე პროცესები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.