თამარ კორძაია – ვითხოვ უარის ბათილად ცნობას და მიხეილ სააკაშვილთან ჩემს შეშვებას

ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გასცდა ტექნიკურ ვალდებულებას და დეპუტატებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა უფლება, რომელიც გულისხმობს სპეციალური ნებართვის გარეშე ნებისმიერი პატიმრის მონახულებას.

კორძაიას თქმით, პარლამენტის წევრისთვის განუსაზღვრელი ვადით კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა არაგონივრულია, რის გამოც სასამართლოში სარჩელი წარადგინა.

თამარ კორძაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას და უარის ბათილად ცნობას ითხოვს.

„შალვა პაპუაშვილს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, აქვს ტექნიკური ვალდებულება, არეგულიროს პარლამენტის წევრისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულოს ნებისმიერი პატიმარი ამ ქვეყნაში. ის გასცდა ამ ტექნიკურ ვალდებულებას და შეგვიზღუდა უფლება განუსაზღვრელი ვადით. შესაძლოა, ასეთი შეზღუდვა იყოს ერთჯერადი ან ერთი თვით, მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება დეკემბერში განუსაზღვრელი ვადით მიიღო. როდესაც დავუსვი შეკითხვა, რომ უკვე არაგონივრულია პარლამენტის წევრისთვის ასეთი განუსაზღვრელი გადაწყვეტილებით კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, მან პასუხიც არ გამცა. შესაბამისად, სარჩელი წარვადგინე. არ შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარე ასე თვითნებობდეს და პარლამენტის წევრის მანდატს ზღუდავდეს, თუმცა დღეს, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, სასამართლო ვერ გაბედავს სწორი და სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ როგორ დგას მთელი მოსამართლეთა კორპუსი და ასრულებს ირაკლი კობახიძის დავალებას. მე ვითხოვ ჩემთან დაკავშირებით უარის ბათილად ცნობას და მიხეილ სააკაშვილთან ჩემ შეშვებას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.