“ხალხის ძალა” რომ დიდი ძალაა, არაერთხელ დამტკიცდა – ბოლოს, ამა წლის მარტში. ამიტომ, ახალი პოლიტიკური ძალა ენერგიულად აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლას. ამერიკას დანდობა არ ექნება – ამას გურამ მაჭარაშვილის დღევანდელი განცხადებაც მოწმობს:
„ხედავთ როგორი დამოკიდებულება არსებობს – პარტნიორი ქვეყანა მუქარის ტონით ელაპარაკება საქართველოს, მაშინ როცა ცალმხრივად თვითონ მიიღო ოკუპანტმა ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომლისკენაც თვითონ მოუწოდებდნენ, ეს არის ზუსტად ანტიამერიკული განცხადება. რა გგონიათ, საქართველოს საზოგადოება ვერ ხვდება ამას? შე დალოცვილო, მეუბნები, რომ პარტნიორი ხარ, რომ რუსეთზე მეტად ჩემზე ზრუნავ და ამ დროს, რუსეთმა 2019 წელს ჯერ თავად დაასანქცირა ჩვენი მოსახლეობა და თვითონ ეუბნებოდნენ აღადგინეო, ახლა ცალმხრივად ისევ თვითონ მოხსნა და მუქარის ტონი მოდის აშშ-დან. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-შიც არსებობენ ის ძალები, რომლებიც მაინც პატივს სცემენ პარტნიორულ ურთიერთობას. დამთავრდა ის დრო, როცა საქართველო აიტანს მუქარის ტონს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთთან ფრენები დაიწყება, ეს დასავლეთის მზარდი შეშფოთების საგანი იქნება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ვითარების მონიტორინგი გაგრძელდება და დამატებით ნაბიჯებს აშშ საჭიროების მიხედვით გადადგამს.