ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებაში ბრალდებულ შვიდივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ გაერთიანებაში და დახმარებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვაში ბრალდებულ  შვიდივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

შვიდი დაკავებულიდან ექვსი აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი თურქეთის მოქალაქე, რომელიც საქალაქო სასამართლოში შსს-ს საემიგრაციო განყოფილებიდან მიიყვანეს. აღკვეთის შეფარდების შემდეგ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. წინასასამართლო სხდომა 10 ივლისს ჩაინიშნა.

ბრალდების განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს ნივთმტკიცებები, მათ შორის ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ გეგმავდნენ ტერორისტულ აქტივობას.

დაკავებული თურქეთის მოქალაქე „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერია და საქართველოში გასულ წელს შემოვიდა.