დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოში, „ქართული ოცნება“ გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოს საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეუცვალეს და ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტია რუსეთი, პუტინი და არა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ეკონომიკურად აყვავებული, განვითარებული საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
„ვფიქრობ, ამ დროს არც ერთ მოქალაქეს, არ გვაქვს უფლება ეს უბრალოდ გაატაროს, ვისხდეთ სახლში. მოძალადე რუსულ რეჟიმს უბრალოდ თავი დავუხაროთ და ისე გავაკეთოთ ეს, თითქოს არაფერია. მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა მოპყრობილია თბილისზე, მთელი მსოფლიო ელოდება ქართველი ხალხის პასუხს ამ მავნებლობაზე, საძაგლობაზე, ღალატის ანატომიაზე, რომელსაც ახლა ჩადის „ქართული ოცნება“, ამიტომ ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე დღეს, ხვალ და მუდმივად, როგორც რუსული კანონი არ გავატანინეთ ამ პარლამენტიდან, ვიდრე ისე არ შეწყდება ფრენები რუსეთის ფედერაციასთან. ვალერი კვარაცცელიაც კი გამოიყვანეს, ადამიანი, რომელიც არის სიმბოლო რუსეთის ინტერესების გატარების საქართველოში ბნელ 90-იანებში. ადამიანი, რომელიც არ აღიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, არაფერი ესაქმება საქართველოში. ყველა, ვინც ჩამოდის საქართველოში, მან ხელი უნდა მოაწეროს ტერიტორიულ მთლიანობას უპირველესად და შემდეგ ჰქონდეს საქართველოში შემოსვლის უფლება.
საღამოს 7-ზე თუ 8-ზე, როცა იტყვით, გელოდებით რუსთაველზე, არა რომელიმე პარტიისთვის ან პოლიტიკოსისთვის, ან ვინმეს განცხადებისთვის, არამედ – თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ყველა ვინც ვემსახურებით სამშობლოს ყველანი უნდა გამოვიდეთ, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ – არა რუსულ ფრენებს, არა რუსიფიკაციქს, არა რუსეთს საქართველოში, არა რუსულ რეჟიმს და დიდება ძლიერ, ერთიან საქართველოს, ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ვაშაძემ.