„ნაცმოძრაობის” ინიციატივა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ჰქონოდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაშვებული – ეს ძალა რევოლუციურ კომიტეტად ჩამოყალიბდა , – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომ პარლამენტმა ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტი უნდა განიხილოს, რომლითაც პირებს, რომლებიც ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ იქნა სანქცირებული საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის გამო, ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობის განხორციელება.
ვოლსკის თქმით, მათ თავის დროზე “ამერიკის და ევროკავშირის მიერ შედგენილო საგზაო რუქა განზრახ გადახიეს, განზრახ მოახდინეს მისი ანულირება და განზრახ შეუწყვეს ხელი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის მოხდენას საქართველოში”.
“ერთხელ ვთქვით და ვფიქრობ, საკმარისად მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია “ნაცმოძრაობის” ინიციატივები, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რაც არის სტრატეგიული მიმართულება. ვფიქრობ, ამ თემაზე გაგრძელდება მსჯელობა, რომ ნაცმოძრაობაა სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩააბარა ქვეყნის 20 პროცენტი და შექმნა ის ვითარება, როცა რუსეთს სამხედრო სტრატეგიული უპირატესობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან ოკუპაციას ახდენს 20 პროცენტის და სტრატეგიული ობიექტები ხელში აქვს აღებული, რომელიც “ნაცმოძრაობამ” ჩააბარა. ამიტომ ნებისმიერი მათი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნეს განხილული. საქართველოში არ უნდა იქნას დაშვებული არანაირი სანქცირებული კომპანია, მათი აქტივობები და ის ადამიანები, ვინც დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი. თუ ამას რაიმეს დამატება, უკეთ ჩამოყალიბება სჭირდება, რასაკვირველია ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, მაგრამ ინიციატივა, რომელიც მოდის “ნაცმოძრაობიდან,” რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ჰქონოდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაშვებული, ეს იქნება წამგებიანი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის მიუღებელი. ეს არის პროვოკაციების მაორგანიზებელი ძალა, ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა რევოლუციურ კომიტეტად და რომლის ერთადერთი მიზანია დესტაბილიზაცია, რომ საქართველო კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ.