გია ვოლსკი – ოპოზიციას უნდა შეუსრულებელი დარჩეს ის მუხლი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ეხება

უნდათ შეუსრულებელი დარჩეს ის მუხლი, რომელიც ასახულია, როგორც მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იმ 12-ს შორის, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციებში მონაწილეობას არ აპირებენ.

ვოლსკის შეფასებით, პროცესმა, რომელიც წინა კვირას პარლამენტში მიმდინარეობდა, ოპოზიციის ლუსტრირება მოახდინა.

“სრული ლუსტრაცია მოხდა, რადგან თუ ვინმეს მხარდაჭერას აპირებდნენ, ამისთვის 5 თვე ჰქონდათ და შეთავაზება ჰქონდათ, რომ წარმოედგინათ ეს კანდიდატები. ბოლო მომენტში განაცხადეს, რომ 24 საათში, ამ მოკლე ვადაში ვერ წარმოვადგენთო.

თანაც, კენჭისყრის დროს მხარი არავის დაუჭირეს. ერთი ნიშანიც არ ყოფილა, რომ სერიოზულად განიხილავდნენ რომელიმე კანდიდატს.

აქედან გამომდინარე, დასკვნა ერთადერთია, მათ არ უნდათ არჩევნები, უნდათ შეუსრულებელი დარჩეს ის მუხლი, რომელიც ასახულია, როგორც მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იმ 12-ს შორის, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ,” – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი კვირით გადაიდო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი – სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკილაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა). მესამე ტური 30 მაისს გაიმართება.